ქართული ტექნოლოგიური კომპანია TelAgri სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე ოპერირებს და ფერმერებს ჭკვიანი გადაწყვეტების დანერგვაში ეხმარება. TelAgri მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით აკავშირებს და ასე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კომპანიის შექმნის შემდეგ გასული პერიოდი TelAgri-ის თანადამფუძნებელმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში შეაჯამა. ირაკლი ჩიქავა იმ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას იხსენებს, როცა კომპანიის მიერ ფერმერისთვის მიწოდებულმა სერვისმა ფერმერის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.
“გარდა იმისა, რომ ერთეულ ფერმერებს დავეხმარეთ და კარგი შედეგები დავაფიქსირეთ, გვქონია შემთხვევები, როცა ფერმერი, რომელსაც სურდა, ბოსტნეულის წარმოებაზე ხელი აეღო, მოგებაზე გავიდა, რითაც ვამაყობთ. გვქონია შემთხვევა, როცა ფერმერი ორი წლის განმავლობაში ვერ უმკლავდებოდა პრობლემას, რომელმაც მოსავლის 40% გაუნადგურა და TelAgri-ზე ის სამი კონსულტაციის შედეგად გადაჭრა. ასეთი ერთეული, საინტერესო და საამაყო შემთხვევა ბევრია.
თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო გვეპოვა სწრაფად მასშტაბირების შესაძლებლობები - ურთიერთობები, რომლებიც საქართველოში დატესტილი ნოუჰაუს სხვა ქვეყნებში გატანის საშუალებას მოგვცემდა. TECH INFORM-ში ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ სწორედ ეს შევძელით. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ვგულისხმობთ, რომლებთანაც თანამშრომლობა დავიწყეთ და საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებს ფერმერებს მივწვდით.
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ბანკის დაპარტნიორებაც მოვახერხეთ და მისი მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისის მიწოდებას ვაპირებთ. ბანკებს სურთ, ფერმერებს დაეხმარონ”, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ TECH INFORM-ში.