საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ თხილის წლევანდელ მოსავალზე საუბრობს.
მისი შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონების მიხედვით მოსავლიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუმცა, საერთო ჯამში მოსავლის რაოდენობის 15%-იანი ზრდა აქვთ.
„თხილის მოსავლის აღების პროცესი ახლა მიწურულს უახლოვდება. თითქმის 80% დასრულებულია და მიმდინარეობს მოსავლის დაბინავება, შრობა. მიღებული შედეგებით, შეიძლება ითქვას, რომ მოსავალი რეგიონების მიხედვით ძალიან განსხვავებულია, რადგან ივნისის პერიოდში ძალიან ძლიერი ქარი გვქონდა. არის რეგიონები, სადაც მოსავლის მკვეთრი ვარდნა შეინიშნება. თუმცა, საერთო ჯამში მოსავლის რაოდენობის 15%-იანი ზრდა გვაქვს.
ფერმერები, რომლებსაც თხილის ბაღებისთვის რესურსი არ დაუხარჯავთ და მისთვის არ მოუვლიათ, მათ არ აქვთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რაც ბაზარზე და საერთო სურათზე საკმაოდ მკვეთრად აისახება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კახეთის რეგიონში უკვე მიმდინარეობს მოსავლის აღება. 40%-მდე იქნება კახეთის რეგიონში მოსავალი აღებული, სადაც ძალიან კარგი მოსავალია შარშანდელთან შედარებით და რაოდენობრივადაც მეტია.
ფასთან დაკავშირებით, გვაქვს საკმაოდ საინტერესო დინამიკა. შარშანდელ სეზონს თუ შევადარებთ მიმდინარე სეზონს, საკმაოდ მაღალი ფასით დაიწყო და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ფასის ზრდის მოლოდინი გვქონდეს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ გარე ფაქტორებზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ფერერომ“ საქართველოს ბაზარზე განაახლა თხილის შესყიდვა და ფასი გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მათთვის არის მნიშვნელოვანი ბაზარი და როგორც ხარიხობრივად, ისე რაოდენობრივადაც არიან დაინტერესებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელია.
საერთაშორისო ბაზრებზე, ევროპაში ჩატანილი თხილის ღირებულება 7-30 დოლარის ფარგლებშია . რაც შეეხება საქართველოს, თხილის ფასი არის ძალიან განსხვავებული, ხარისხების მიხედვით. ეს დინამიკა წლებია ნარჩუნდება. საშუალო ხარისხის თხილი დაახლოებით, 7ლარი და 50 თეთრიდან 8 ლარამდე ღირს. ხოლო, ყველაზე უარესი ხარისხის თხილის ფასი 3 ლარი 50 თეთრიდან 4 ლარის ფარგლებშია“,-აცხადებს ჭითანავა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ასევე პროექტზე საუბრობს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გამოიყენეს. თუმცა, მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამა მეტად გაუმჯობესდა.
„პროცესი მიმდინარეობს როგორც დაგეგმილი იყო. შარშან პირველი წელი იყო, როდესაც ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს ისტორიაში პირველად, თხილის მხარდამჭერი პროგრამა დაიგეგმა, როდესაც ფერმერებმა 500 ლარიანი ვაუჩერები გამოიყენეს. წელს ეს პროცესი გავაანალიზეთ და გავაუმჯობესეთ.
ფერმერებს არ შეუძლიათ დარიცხული თანხით ინვენტარის ყიდვა. თანხა მხოლოდ მიზნობრივად თხილის ბაღისთვის უნდა გამოიყენონ. ასევე, ამას დაემატა ტრენინგის კომპონენტი, სადაც აგრო კონსულტანტები ფერმერებს რეკომენდაციას უწევენ თუ სად და როგორ გამოიყენონ სასუქები და აგროქიმიკსტები. პლუს, ახდენენ მონიტორინგს შესრულებული სამუშაოსი.
დაახლოებით 4500 ფერმერი იყო ამ პროცესში ჩართული, რომლებმაც განათლება მიიღეს და მათგან 95%-ს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია აქვს. გამოკითხვის თანახმად, ფერმერმა, რომელმაც წამლობები ჩაატარა, არიან ძალიან კმაყოფილი. შესაბამისად, დინამიკურად ეს პროცესი კიდევ უკეთეს შედეგს მიიღებს. ფერმერის ცნობიერებაში ყალიბდება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება შესაძლებლობა თუ მას გააჩნია სურვილი, მოუაროს თავის ბაღს, როგორც ფინანსური, ასევე ცოდნის კუთხით.
რაც შეეხება ფაროსანას, ის არ გაქრება, მისი მინიმიზაციაა შესაძლებელი ფერმერის შრომისა და მოვლის შედეგად“,-აცხადებს მერაბ ჭითანავა.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 35,6 მილიონი დოლარის ღირებულების 5 308 ტონა თხილი გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 1 მილიონი დოლარით და 2168 ტონით შემცირდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები ქართული თხილისთვის ესპანეთი, რუსეთი და სომხეთია.