თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
მისი შეფასებით, თხილის სწორად მოვლის შემთხვევაში, მოსავლის ორჯერ ზრდა სრულად შესაძლებელია, რასაც კახეთის რეგიონიც ადასტურებს, სადაც მოსავლიანობა ჰა-ზე 1.5 ტონიდან ზემოთ არის და ხშირ შემთხვევაში 2.5 ტონასაც კი აღწევს. ხოლო სამეგრელოს რეგიონში, თხილის მოსავლიანობა ჰექტარზე მხოლოდ 700-800 კილოგრამს არ აღემატება და შესაძლოა უფრო ნაკლებიც კი იყოს.
„თუ სწორად იქნება ყველა ღონისძიება ჩატარებული, თხილი სწორად იქნება მოვლილი. სრულად რეალისტურია ის პროგნოზი, რომ მოსავლის გაორმაგება მოხდეს, თუმცა ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ანუ, ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება.
ჩემი პროგნოზი გამომდინარეობდა ძველ, უკვე გაშენებულ ბაღებზე, რაც შეეხება ახალ ბაღებს, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში თხილის ფასები შემცირებული იყო, ასევე ფაროსანას გამო ბევრი პრობლემა გაჩნდა. შესაბამისად, ახალი ბაღების დარგვით, დაინტერესება ნაკლები იყო. ძირითადად თუ ბაღები ირგვებოდა, ძირითადად აქტივობა კახეთში იყო. ან თუ სამეგრელოში ირგვებოდა თხილის ბაღები, ძირითადად ბიზნესის მიერ ხდებოდა. რაც გაცილებით კარგია, რადგან, როდესაც ბიზნესი რგავს კულტურულ ბაღს, შესაბამისი აგრო ღონისძიებები სწორად ტარდება და შესაბამისად, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტსაც ვიღებთ. თუმცა, წელს ტენდენცია შეიცვალა. ახალი წლების შემდეგ ფასებმა მოიმატა და სოფლებში თხილის მოვლაზე დაინტერესება გაზრდილია.
მნიშვნელოვანია, თხილი მაღალი ხარისხის იყოს და შესაბამისად, მისი ღირებულებაც მაღალი იქნება. დავუშვათ, თუ თურქული თხილის ხარისხს გავუტოლდებით, სრულიად რეალისტურია, რომ თხილის ღირებულება 50 ცენტიდან 1 დოლარამდე იყოს. შესაბამისად, ექსპორტიორებიც უფრო მაღალ ფასად რეალიზაციას შეძლებენ,“-აცხადებს ქარდავა.
მისივე ცნობით, ზოგადად მოსავლის ღირებულება მის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში თხილის ღირებულება, არსებული ხარისხის თხილზე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ხარისხის 1 კილოგრამი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება და 8 ლარამდე ადის, რაც ძალიან კარგი ფასია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო თხილის მოვლას ჰა-ზე 500 ლარით ასუბსიდირებს.
რაც შეეხება, სექტორში არსებულ ფაროსანას პრობლემას, ქარდავას თქმით, თუ ფერმერი მასთან ბრძოლაში აქტიურად არ ჩაერთვება, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები პრობლემას ვერ აღმოფხვრის. თუმცა , რომ არა არსებული აქტივობები, სექტორი გაცილებით რთულ სიტუაციაში იქნება.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება მოსავლიანობის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს, ასოციაციამ 40000 ტონა გაუტეხავი თხილი მიიღო, რისი დიდი ნაწილიც უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე თხილზე მოთხოვნა შემცირებულია, შესაბამისად, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თხილის მოსავლის რეალიზაცია მარტამდე გაჭიანურდა. სხვა შემთხვევაში, მარაგები დეკემბერშივე უნდა ათვისებულიყო.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარში თხილის ექსპორტი შემცირდა, თუ 2023 წლის იანვარში საქართველომ $7.5 მლნ-ის 1 772 ტონა თხილი გაყიდა, მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი $5.7 მლნ-ის 927 ტონამდე შემცირდა.