მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდიით განსაზღვრული პრეპარატები ფერმერებმა სხვა კულტურაზე გამოიყენეს - ასოციაცია

თხილიი

მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა  თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას. უფრო კონკრეტულად თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას.

პროგრამის ფარგლებში, რაშიც ჯამურად 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა,  3 ჰექტარამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. მათ დაურიგდათ აგრობარათები, რითაც შეეძლოთ შეეძინათ სხვადასხვა საქონელი, რომელიც თხილის მოვლისთვის, ბაღების შეწამვლისთვის არის საჭირო.

რამდენად მიზნობრივად გამოიყენა სექტორმა აღნიშნული დახმარება? – “საქმიანი დილას“ ამ შეკითხვას “თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში პასუხობენ.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ფერმერების ნაწილმა სუბსიდია აითვისა, პრეპარატებიც შეიძინეს, თუმცა ისინი არა თხილზე - არამედ სხვა კულტურაზე, მათ შორის, მაგალითად, სიმინდზე გამოიყენეს. ამის შედეგი კი არის ის, რომ მაშინ, როცა ხარისხიანი თხილის ფასი 7 ლარსაც კი აღწევს, ასეთი ფერმერების დაბალ ხარისხიანი თხილი სამ ლარადაც არ ფასდება.

რაც შეხება მოსავლის პროგნოზს, როგორც ასოციაციის დირექტორი ამბობს, მსოფლიოში ჭარბი მოსავლის საშიშროება არ დგას, შესაბამისად, ქართულ თხილზე მოთხოვნა შენარჩუნდება.

“სუბსიდირების ფარგლებში ფერმერებმა პრეპარატები მიიღეს, თუმცა გამოიყენეს არა თხილზე, არამედ სხვა კულტურაზე, მათ შორის, სიმინდზე, ყურძენზე. არსებობდა აზრი, რომ თხილის ფასი წელს დაბალი იქნებოდა, თუმცა გამოჩნდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, სწორედ ამ არასწორი მოსაზრების გამო, ფერმერებმა არჩიეს პრეპარატები სხვა კულტურებზე გამოეყენებინათ.

კეთდებოდა პროგნოზი, რომ წელს თხილის მოსავალი უნდა გვქონოდა იმაზე მეტი, ვიდრე შარშან. დაახლოებით, საუბარი იყო 55 000 ტონაზე, თუმცა უკვე კრეფის პროცესში გამოჩნდა, რომ იგივე ნიშნულზე იქნება მოსავლის მოცულობა, როგორზეც გასულ წელს იყო“ - ამბობს ლევან ქარდავა.

სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ შემთხვევებზეც, როდესაც ფერმერები სუბსიდიაში ჩაერთნენ, თუმცა აღნიშნული ვაუჩერები გადაყიდეს.

კომპანიების - „აგრითრეიდის“ და „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პროგრამაში ჩართულმა ფერმერებმა ან არ გამოიყენეს სუბსიდია ან ბაღების შეწამვლა ვეღარ მოასწრეს.

„საქმიანი დილას“ კითხვაზე - რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფერმერებმა სუბსიდია სწორად და მიზნობრივად აითვისონ - ბაია სალუქვაძე გვპასუხობს, რომ აქ დგას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ფერმერის პაუსიხსმგებლობა. მისი აზრით, სახელმწიფომ კონკრეტულ ბაღებზე მონიტორინგი უნდა აწარმოოს, ფერმერებმა კი უნდა გააცნობიერონ, რომ თხილი გრძელვადიანი კულტურაა და მისი მოვლა ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესი.

Რაც შეეხება თხილის ხარისხს, ის განმარტავს, რომ მოვლილი ბაღებიდან მიღებული პროდუქტი მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.

„სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი მონიტორინგი კონკრეტულ ბაღებზე აუცილებელია. დაკვირვებაა საჭირო, თუ რამდენმა ფერმერმა შეისყიდა და შემდგომ ნამდვილად თავის ბაღებზე გამოიყენა სუბსიდიით განსაზღვრული პრეპარატები.

მეორე მხარე უშუალოდ ფერმერია, რომლის დამოკიდებულება თხილისა და მოსავლის მიმართ უნდა იყოს გონივრულად გათვლილი. ფერმერმა აუცილებლად უნდა გაითავისოს ერთი  რამ - თხილი არის გრძელვადიანი, ამიტომ მუდმივად სჭირდება მას ყოველწლიური წამლობები და არ შეიძლება მისი მიტოვება“ - აღნიშნავს ბაია სალუქვაძე.

“იმ შემთხვევაში თუ ბაზარი სტაბილურ ფასს მიაღწევს, რაც თურქეთზეა დამოკიდებული,  ფერმერებს ბაღების მოვლის მოტივაცია მიეცემათ” - ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი თოდუა განმარტავს, რომ ფერმერების ნაწილმა საჭირო აგროღონისძიებები საერთოდ არ ჩაატარა ან აგროვადები ვერ დაიცვა, თუმცა იყვნენ ფერმერები, რომლებმაც სუბსიდია კარგად გამოიყენა და თხილის ხარისხიც გაზარდა. ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ ფერმერებთან ბევრია სამუშაო, რათა მათ გააცნობიერონ, აგროღონისძიებების მნიშვნელობა, რის გარეშეც ხარისხიანი თხილის მიღება შეუძლებელია.

„ერთმა ნაწილმა სწორ აგროვადებში ჩაატარა წამლობებიც და საჭირო აგროღონისძიებებიც. მათ უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღეს. არიან ისეთი ფერმერები, რომლებმაც ნაწილობრივ განახორციელეს წამლობები და მათ ის შედეგი არ აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ. ფერმერების დაახლოებით ერთმა-მესამედმა, სუბსიდიაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა შეცდომები დაუშვეს. მათ ხარისხიანი თხილი არ აქვთ.

ფასში, განსხვავება ხარისხიან და ნაკლებად ხარისხიან თხილს შორის განსხვავება ოთხი ლარიც შეიძლება იყოს. სრულიად შესაძლებელია უხარისხო თხილი ორ ლარად ფასდებოდეს, ხარისხიანი კი შვიდ ლარადაც კი“ - განმარტავს გიორგი თოდუა.

კომპანიების ნაწილმა თხილის ექსპორტის პროცესიც უკვე დაიწყო. მათი ინფორმაციით,  საერთაშორისო ბაზრებიდან ქართულ თხილზე მოთხოვნა ნარჩუნდება. მთავარი შემსყიდველი კი კვლავ ევროკავშირის ბაზარია. თუმცა მნიშვნელოვანია ფასი. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ ხარისხის გამო, ქართული თხილი თურქულ თხილთან შედარებით  1.5 დოლარით იაფია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები