მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, უფრო კონკრეტულად თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამის ფარგლებში, რაშიც ჯამურად 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა, 3 ჰექტარამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. მათ დაურიგდათ აგრობარათები, რითაც შეეძლოთ შეეძინათ სხვადასხვა საქონელი, რომელიც თხილის მოვლისთვის იყო საჭირო.
როგორც თხილის მწარმოებლები ამბობენ, დღეს სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე მათთვის სახელმწიფოს დახმარება საჭიროა, თუმცა არსებული მექანიზმი, რაც გასულ წელს იყო შემოთავაზებული, ბოლომდე ვერ ამართლებს.
შესაბამისად, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი დახმარების პროგრამა გაგრძელდება, შედეგის მისაღებად ის უნდა დაკორექტირდეს და პროგრამაში მიზნობრიობის კომპონენტი გაჩნდეს.
“ზუსტად ვერ გეტყვით იმას თუ როგორ გამოიყენა 60 000-მა ფერმერმა სახელმწიფოს სუბსიდია, მაგრამ დღეის მდგომარეობით რა სტატისტიკაც გვაქვს, შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად. ფერმერების ⅓ არის, რომლებმაც წლების განმავლობაში მიიღეს გამოცდილება და დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია შრომა და აგროღონისძიებების განხორციელება, ვგულისხმობ წამლობას, მინერალური სასუქების შეტანას, შრობას და დასაწყობება და მათ კარგი შედეგი აქვთ და დღესაც შეუძლიათ 5,6,7 ლარად გაყიდონ პროდუქცია.
⅓ ფერმერების არის, რომლებმაც ნაწილობრივ გაითვალისწინეს და 6-ჯერ თუ არა 3-4-ჯერ ჩაატარეს წამლობები. მათი შედეგი საშუალოა როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად. არის მესამე 30-35%, რომლებმაც არ ან ვერ ჩაატარეს წამლობა სხვადასხვა მიზეზის გამო. მიიღეს სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ვერ შეძლეს წამლობის ჩატარება.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ფერმერების ცნობიერება გავზარდოთ, რომ მათ გაითავისონ ერთი რამ, როცა საუბარია სუბსიდირებაზე თხილის კულტურის განვითარებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ თანხები მოცვისთვის, კარტოფილისთვის. თუმცა თუ ჩვენ გვექნება მომავალში მიდგომა, როცა გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თხილისთვის საჭირო პესტიციდების შეძენისთვის, ამას ჩვენ ვემხრობით.
შეიძლება პესტიციდებში არ გამოიყენა ეს ვაუჩერი, მაგრამ შეიძინა სათიბელა. კი სათიბელა მნიშვნელოვანია და ვერ ვიტყვით, რომ არა მიზნობრივად გამოიყენა, მაგრამ როცა გათვლა გვაქვს, რომ ფერმერი შეიტანს პესტიციდს ან სასუქს, რომელიც საბოლოოდ კარგ სურათს მოგვცემს, უმჯობესია მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ ვიმუშავებთ ფერმერებთან ცნობიერების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ მნიშვნელოვანია მიზნობრიობა წინ წამოწიოს”, - ამბობს გიორგი თოდუა.