მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის სუბსიდირებამ ფერმერები წაახალისა, რათა ისევ მოუარონ ბაღებს" - სექტორი პროგრამას აფასებს

64b2ac0a88dc0
მარიამ იზორია
15.07.23 20:20
1032
საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2023 წელს თხილის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 20 მილიონი ლარი გამოიყო. ფინანსური ხელშეწყობის, კერძოდ კი ჰექტარზე 500-ლარიანი დახმარების მისაღებად, ფერმერებს 2023 წლის 31 იანვრამდე თხილის ბაღები თხილის კადასტრში უნდა დაერეგისტრირებინათ.

სექტორის წარმომადგენლები bm.ge-სთან წარმოებაზე სუბსიდირების გავლენას აფასებენ. როგორც ისინი ამბობენ, სუბსიდიამ ხარისხიანი თხილის წარმოება წაახალისა და ფერმერებს აჩვენა, რომ სისტემატური წამლობისა და ბაღების შესაბამისი მოვლის პირობებში, ხარისხიანი, მაღალი ღირებულების თხილის წარმოებაა შესაძლებელი.

თხილის ექსპორტიორი კომპანიის “ვანი ნათსის” დამფუძნებელი მახარე ლემონჯავა თვლის, რომ სახელმწიფომ ამ დახმარებით, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა, დანარჩენი კი ფერმერზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად აითვისებს სუბსიდიას.

“მეტი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - მიწა გაქვს და მიწის დასამუშავებლად ფულს გჩუქნიან, მხარდაჭერა კარგია, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ფერმერი როგორ აითვისებს ამ საჩუქარს”, - აღნიშნავს მახარე ლემონჯავა.

თხილის სუბსიდირების პროგრამის დადებით მხარეზე საუბრობს ექსპორტიორი კომპანიის “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელიც. ბაია სალუქვაძე ამბობს, რომ სუბსიდირება უპირველესად ფერმერებს ასწავლის, რომ ბაღის მიტოვება არ შეიძლება.

“როგორც მოგეხსენებათ, თხილის სარეალიზაციო ფასი მუდმივად იცვლება. იმის გამო, რომ ფერმერმა არ მიატოვოს ბაღი და მისი სარგებელი გათვალოს გრძელვადიანად, რადგან თხილი გრძელვადიანი პროდუქტია, სუბსიდირება საჭიროა. ამან ფერმერები წაახალისა, რათა მათ ისევ მოუარონ ბაღებს”, - განმარტავს ბაია სალუქვაძე.

“ჯეო ნათსის” დირექტორი ჯენერ ბელქანია კი bm.ge-სთან ამბობს, რომ ყოველწლიურად თხილის ხარისხი მთავარი პრობლემაა, სწორად გამოყენებული სუბსიდია კი მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას, შემდგომ კი ფასის ზრდას გამოიწვევს.

“ჩვენს ფერმერებს 1 ჰექტარზე ძალიან მცირე რაოდენობის თხილი მოჰყავთ, არასაკმარის რაოდენობებთან ერთად, პრობლემაა ისიც, რომ ფერმერებს დაბალი ხარისხის თხილი მოჰყავთ, ამიტომ სწორად გამოყენებული სუბსიდია ხარისხის ზრდას, ამის შემდგომ კი თხილზე ფასის მატებას გამოიწვევს” - აღნიშნავს ჯენერ ბელქანია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაშიც მიიჩნევენ, რომ სუბსიდირების პროგრამა დროული იყო. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ჰექტარზე 500-ლარიანი დახმარება საჭირო აგროღონისძიებების განხორციელებისთვის სრულად საკმარისია.

“სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებთ. გამოყოფილი თანხა საჭირო აგროღონისძიებების განხორციელებისთვის საკმარისია”, - ამბობს გიორგი თოდუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები