მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მისი ფასიდან გამომდინარეა“ - თხილის საწარმო ImerNut

647dd82fcbfc2
სალომე ხიდურელი
11.06.23 20:30
2321
იმერეთში მდებარე თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ Imernut ერთი თვის წინ ქართული თხილის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ერთჯერადი შეფუთვებით, "OK! Nuts"-ის სახელით დაიწყო. როგორც საწარმოს დამფუძნებელი დავით ჩაფრავა BM.GE-ს განუმარტავს, პროდუქტი ამჟამად მხოლოდ ქუთაისში იყიდება, თუმცა სამომავლოდ იგეგმება, რომ, ტურისტული სეზონისთვის, თბილისსა და ბათუმშიც გამოჩნდეს.

„რამდენიმე წლის წინ დაიწყეს „დრაივებში“ თხილის ერთჯერადი სახით გაყიდვა, ჩვენს ბავშვობაში მზესუმზირებს როგორც ყიდდნენ ქაღალდში. გავაანალიზეთ ეს და თურქეთიდან შემოვიტანეთ კრისტალიზებული ჭიქები, შემოვიტანეთ დანადგარიც, რომელიც ხუფავს მას ჰერმეტულად და დავიწყეთ ამის რეალიზება. ფასი ხელმისაწვდომი გვაქვს, 100გრ-იანი ჭიქებია თხილის, მიწისთხილისა და მქისის სამი სახეობა, გვინდა რომ 7-8 სახეობაზე ავიდეთ.

რეალიზაციის უკმაყოფილოები არ ვართ, ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე ველოდით. ახალი პროდუქტია, ერთჯერად ჭიქაშია და პრაქტიკულია, სუფთაა, ჩვენი საწარმოც სერტიფიცირებულია და HACCP-ია დანერგილი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქუთაისში იყიდება, სხვა რეგიონებში არ შეგვიტანია, მაგრამ ტურისტულ სეზონზე ვგეგმავთ აჭარასა და თბილისშიც საცდელად შეტანასაც“, - ამბობს დავით ჩაფრავა.

„იმერნათის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2011 წელს გაიხსნა, 2016 წლისთვის კომპანიამ ახალი საწარმოც ააშენა, თუმცა, როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის საწარმოს გაფართოების საჭიროება აღარ დგას, რადგან კომპანიის მთავარი შემოსავალი თხილის ექსპორტიდან მოდის, რაც შემცირებულია.

„ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანაში: გერმანიაში, დანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში... რაღაც შეფერხებები იყო ფაროსანების გამო, ექსპორტმა შედარებით მოიკლო, თუმცა აგვისტოსთვის ახალ მოსავალს ველოდებით და შეკვეთები უკვე გვაქვს.
თუ საწარმო ამ დრომდე, დღეში 5 ტონა თხილს იღებდა და არჩევდა, ახლა ისეთი ხარისხია, 2 ტონაზე მეტს ფიზიკურად ვერ გადაარჩევს ვერც ერთი საწარმო და რეალიზაცია შემცირებულია. 2016 წელს აშენებულმა საწარმომ მოლოდინის 20%-იანი შედეგიც არ გაგვიმართლა, რადგან მისი აშენება და თხილის ხარისხის გაფუჭება ერთმანეთს დაემთხვა“, - ამბობს დავით ჩაფრავა.

მისი თქმით, ხარისხის გაუარესების მიუხედავად, ის, რაც ქართულ თხილს საექსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის - დაბალი ფასია.

„ქართულ თხილზე მოთხოვნა მისი ფასიდან გამომდინარეა. ჩვენი თხილი აზერბაიჯანულ, იტალიურ თხილთან შედარებით, დაბალი ხარისხისაა. მაგალითად, სიტყვაზე, თუკი თურქული და სხვა ქვეყნების თხილი 1 კგ 6$ ღირს, შენ თუ არ შესთავაზე უფრო ნაკლებ ფასად - ვერ გაყიდი. დაბალი ფასით ვუწევთ კონკურენციას, ხარისხობრივ მაჩვენებელზე პრობლემაა“, - ამბობს „იმერნათსის“ დამფუძნებელი.

გარდა ამისა, თხილის წარმოებაში, ჩაფრავას შეფასებით, კიდევე ერთი გამოწვევა კადრების დეფიციტია: „ძირითადად, საწარმოში, მანდილოსნები მუშაობენ. იყო პერიოდი, 70-მდე ქალბატონი მუშაობდა ჩვენთან, ახლა ალბათ 17 თანამშრომელი ქალი გვყავს. შემცირდა მუშა-ხელი. მოგვიწია დანადგარების შეძენა, რომელიც ადამიანურ შრომას შეამცირებდა და შედეგზე გაგვიყვანდა“.

ცნობისთვის, წელს საქართველოში, წინასწარი გამოთვლებით, 50 000 ტონა გაუტეხავ თხილს ელოდებიან, რაც „იმერნათსის“ დამფუძნებლის შეფასებით, საშუალოზე მაღალი რაოდენობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები