უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება, პროფილების მკვეთრი გადანაწილება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონულ უნივერსიტეტებშიც იგეგმება. მთავრობის განმარტებით, აქცენტი კეთდება უნივერსიტეტების ტრადიციულ მიმართულებებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის განმარტებით, რეგიონებში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებზე ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მხოლოდ ორ რეგიონულ ცენტრში შენარჩუნდება ფაკულტეტების ფართო არჩევანი:
- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს სასწავლებლები კვლავ შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, აქცენტი აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე გაკეთდება. ეს უნივერსიტეტებია:
- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მინისტრის განცხადებით, კვოტები შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს სტუდენტთა მიღების პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანას რეალურ მოთხოვნებთან. მისი თქმით, დამატებითი მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. მაგალითად, თანაბარი ქულების მქონე აბიტურიენტების შემთხვევაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან მსურველთა მიმართ.




























