საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ბოლნისსა და ბორჯომში ორი ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“2 ახალი კოლეჯი ბორჯომსა და ბოლნისში მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამებით. ის განკუთვნილია განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ განივითარონ მოთხოვნადი უნარები და იყვნენ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციაშია და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ პროფესიული განათლება რეალური შრომის ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამას ხელს უწყობს როგორც საკანონმდებლო რეფორმები, ასევე პრაქტიკული ნაბიჯები.
„არსებობს გარკვეული გამოწვევები კონკრეტულ პროფესიებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საჭიროებას, რომ პროფესიული განათლება განვითარდეს. ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ სერიოზული ცვლილებები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. თუ რამდენიმე წლის წინ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 24% იყო, 2024 წლის მონაცემებით ის 78%-ზე მეტს შეადგენს. ზოგიერთი სასწავლებლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს“, - აღნიშნა მიქანაძემ.




























