მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავა კარლოს ალკარასმა საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებით?

კარლოს ალკარასი როლან გაროსი 2024

თიხის საფარზე ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად რაფაელ ნადალი ითვლება, რომელსაც აღნიშნული კორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი "როლან გაროსი" 14-ჯერ აქვს მოგებული. წლევანდელ ტურნირზე მან მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა წარმატებას მისი გზის გამგრძელებელმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა მიაღწია, რომელმაც ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 5 სეტში დაამარცხა.

ალკარასი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც 21 წლის ასაკში სამივე ტიპის საფარზე აქვს ფინალი ნათამაშები. მან ზვერევი ანგარიშებით 6:3, 2:6, 5:7, 6:1, 6:2 დაამარცხა, რითაც კარიერაში მესამე დიდი სლემის ტურნირი მოიგო, აქამდე 2022 წელს ამერიკის ღია პირველობა, ხოლო 2023 წელს უიმბლდონი ჰქონდა მოგებული. ერთადერთი სლემი, რომელიც ესპანელს არ მოუგია ავსტრალიის ღია პირველობაა, რომელშიც მისი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა.

ფინალში, რომელიც 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა, გამარჯვებულისთვის 2,6 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, ხოლო დამარცხებულმა ზვერევმა 1,3 მილიონი მიიღო. შედეგად ალკარასის საჩოგბურთო შემოსავლებმა ჯამში 31,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც ყველა დროის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ალექსანდრ ზვერევი გასული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია და ამავდროულად დიდი სლემის ფინალში მეორედ იასპარეზა, აქამდე გერმანელს 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული. ზვერევის კარიერული შემოსავალი 41 მილიონ დოლარს შეადგენს, რითაც ყველა დროის რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები