მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა მიიღო სუს-ის ყოფილმა უფროსმა ხელფასის სახით? - ანრი ოხანაშვილის დეკლარაცია

ანრი ოხანაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, აღნიშნულ პოსტზე 5 თვეში ხელფასის სახით 63,244 ლარი მიიღო. ოხანაშვილის კარიერული ცვლილება 2025 წლის აპრილში მოხდა, როდესაც მან იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან ძალოვან უწყებაში გადაინაცვლა. თუმცა, იგი პოსტს 23 აგვისტომდე იკავებდა.

BM.GE წარმოგიდგენთ დეკლარაციის დეტალურ მიმოხილვას.

დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ანრი ოხანაშვილის შემოსავლები შემდეგნაირი იყო:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: სამსახურის უფროსის პოზიციაზე (04.04.2025 – 02.09.2025) მან ხელზე 63,244.25 ლარი აიღო.
  • იუსტიციის სამინისტრო: მინისტრის პოსტზე ყოფნისას (01.01.2025 – 03.04.2025) მისმა ანაზღაურებამ 31,508.33 ლარი შეადგინა.
  • აკადემიური საქმიანობა: პარალელურად, თსუს ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე მან წლიურად 14,850.8 ლარი გამოიმუშავა.

ჯამურად, მხოლოდ ანრი ოხანაშვილის დეკლარირებულმა სახელფასო შემოსავალმა 2025 წელს 109,603 ლარი შეადგინა.

მისი მეუღლის მაკა ხოდელის შემოსავალმა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე კი 2025 წელს 34,974 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის უძრავი ქონება სრულად მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული:

მაკა ხოდელი თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე ფლობს 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე 509.8 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული ქონება მან 2018 წელს ჩუქებით მიიღო. სხვა უძრავი და მოძრავი ქონება დეკლარაციის მიხედვით ოჯახს არ გააჩნია.

ანგარიშები და დანაზოგი

ანრი ოხანაშვილის 2025 წლის ანგარიშები და დანაზოგი დეკლარაციის მიხედვით შემდეგნაირია:

  • 47,000 ლარი – 2025 წლის დანაზოგი შემოსავლიდან.
  • 9,500 აშშ დოლარი – 2019 წელს ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხა.
  • 4,000 ევრო – 2022 წლის დანაზოგი.
  • საბანკო ანგარიშებზე (TBC და საქართველოს ბანკი) ოხანაშვილს დეკლარირების მომენტში ყველაზე მსხვილი ნაშთი „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 55,002.93 ლარი უფიქსირდება.

რაც შეეხება მის მეუღლეს, მაკა ხოდელს, მას „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 21,971.37 ლარი აქვს , ხოლო ნაღდი ფულის სახით 4,170.75 ევროს ფლობს.

დეკლარაციაში ასევე ასახულია ოჯახის მნიშვნელოვანი ხარჯები, რაც შვილების განათლებას უკავშირდება. ანრი ოხანაშვილმა 2025 წელს სწავლის საფასურის სახით ჯამში 22,022.89 ლარი გადაიხადა (6,618.62 GEL, 7,419.23 GEL და 7,985.04 GEL).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები