ფრანგულმა მედიამ საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხელფასები გაასაჯაროვა. ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე “მეცში” თვის განმავლობაში ხელფასის სახით 125 ათას ევროს იღებს, რაც კლუბში უდიდესი მაჩვენებელია.
როგორც წესი “მეცის” სახელფასო ჭერი თვეში 100 ათას ევროს არ სცდება ხოლმე, თუმცა მიქაუტაძის შემთხვევა გამონაკლისია, რადგან ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ გიორგი კლუბს უმაღლეს ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს დამატებით 125 ათას ევროს ამსტერდამის “აიაქსიც” უხდის, რის შედეგადაც ქართველის ანაზღაურება თვეში 250 ათას ევროს აღწევს.
გუნდში მეორე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მოთამაშე ბენჯამინ ტეტეა, რომლის გასამრჯელოც 85 ათას ევროს შეადგენს. მესამე-მეოთხე ადგილებზე მოდიან კრისტოფ ერელი 65 ათასი ევროთი და მატიე უდოლი 60 ათასი ევროთი. ლოთარინგიულ კლუბში საშუალო თვიური ხელფასი კი დაახლოებით 35 ათას ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამჟამად საქართველოს ნაკრების განკარგულებაშია და 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადშიც იმყოფება.