წელს, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების 32-დან 48-მდე ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლებიც. გასული წლის დეკემბერში FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის $655 მილიონის საპრიზო ფონდი დაადასტურა. ეს 50%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე.
19 ივლისის ფინალის გამარჯვებული ესპანეთი ან არგენტინა $50 მილიონს მიიღებს. ფინალისტი, რომელიც მეორე ადგილზე გავა, $33 მილიონს მიიღებს. მესამე ადგილის მფლობელს საფრანგეთს ან ინგლისს $29 მილიონი ერგება, ხოლო მეოთხე ადგილოსანი $27 მილიონს მიიღებს.
მეოთხედფინალში დამარცხებული მაროკო, ბელგია, ნორვეგია და შვეიცარია თითოეული $19 მილიონს მიიღებენ. მერვედფინალში გამოვარდნილ რვა ნაკრებს $15 მილიონი შეხვდათ. 1/16-ფინალში დამარცხებულ 16 გუნდს $11 მილიონი გადაეცა.
ტურნირზე მონაწილე ყველა 48 ნაკრებს მინიმუმ $10,5 მილიონი გარანტირებულად ერგო. ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ გუნდებს $9 მილიონი გადაეცათ, დამატებით კი $1,5 მილიონი მოსამზადებელი ხარჯების დასაფარად.
საპრიზო თანხა უშუალოდ ფეხბურთელებს არ გადაეცემათ. FIFA თანხებს ეროვნული ფეხბურთის ფედერაციებისთვის რიცხავს, ხოლო შემდეგ თავად ფედერაციები წყვეტენ, რა ნაწილი დაურიგდებათ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. დარჩენილი თანხა, როგორც წესი, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პროგრამებს ხმარდება.
მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც მერვედფინალამდე მიაღწია და შემდეგ ბელგიასთან დამარცხდა, $15 მილიონს მიიღებს. ამ თანხის 80% თანაბრად გადანაწილდება მამაკაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებს შორის, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ქალთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, კვალიფიკაციას გაივლის.
FIFA, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა, პროგნოზირებს, რომ 48-გუნდიანი პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან $10 მილიარდზე მეტ შემოსავალს მიიღებს. შესაბამისად, საპრიზო ფონდი ტურნირის საერთო შემოსავლის დაახლოებით 6,5%-ს შეადგენს.




























