მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხები იხარჯება პროფესიული განათლების სტიმულირებაზე? - განათლების სამინისტროს პასუხი

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ცდილობს, ხელი შეუწყოს როგორც პროფესიული მიმართულებებით სწავლების განვითარებას, ისე მოსწავლეთა დაინტერესებას ამ სფეროთი.

BM.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რა თანხები იხარჯება პროფესიული განათლების სტიმულირებაზე და რა შედეგები აქვთ განხორციელებულ პროექტებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების განვითარება ხორციელდება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამისა და პროექტის გზით. ინიციატივების ადმინისტრირებას კი ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო ახორციელებს.

"სააგენტო უზრუნველყოფს პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების, მათ შორის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების, პროექტების განხორციელების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად 2024 წელს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე გაცემული დაფინანსების ოდენობა 5,4 მლნ ლარს შეადგენს", - აცხადებს განათლების სამინისტრო.

უწყების ცნობით, სააგენტო თითოეული პროექტის მონიტორინგს უზრუნველყოფს როგორც მისი მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ. ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები და ფინანსური ანგარიშგება, რაც გამჭვირვალე და მიზნობრივ ხარჯვას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება შედეგებს, 2024-2025 წლებში სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2023 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 79.4%-ს შეადგენს, ხოლო მომზადება-გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა შემთხვევაში - 84.1%-ს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების სტატისტიკა (2020-2024 წლები):

მიღების წელი ჩარიცხულთა რაოდენობა
2020 9521
2021 11375
2022 14292
2023 15650
2024 17092

მოცემული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პროფესიული განათლებისადმი დაინტერესება მზარდია. წლიდან წლამდე იმატებს იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც პროფესიული პროგრამების არჩევას და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების მიღებას ამჯობინებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები