ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ 2025 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებს სარეზოლუციო ფონდში ჯამურად 40 მლნ ლარამდე შენატანების გაკეთება მოუწევთ.
როგორც სებ-ის რეზოლუციის და ლიკვიდაციის განყოფილების უფროსმა BMG-ის განუცხადა, ბანკებმა პირველი შენატანები ფონდში მომავალი წლის თებერვლისთვის უნდა გააკეთონ და 8 წელში ფონდში აკუმულირებული თანხების ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით 300 მლნ ლარს უნდა მიაღწიოს.
ნიკოლოზ რეხვიაშვილის განცხადებით, სარეზოლუციო ფონდის შექმნა საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას უკავშირდება და მას ფინანსური სტაბილურობისთვის დამატებითი ინსტრუმენტის ფუნქცია აქვს. მისივე განცხადებით, არა მოსალოდნელი, რომ ბანკებისთვის ფონდში შენატანების გაკეთების ვალდებულებამ საბანკო პროდუქტები გააძვიროს.
ამასთან, სებ-ში აცხადებენ, რომ სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები სამართავად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაეცემა, შესაბამისი თანხების ინვესტირება კი ძირითად სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში მოხდება.
„სამიზნე ნიშნული დაზღვეული დეპოზიტების 3%-ია, რომელსაც საბანკო სექტორმა 8 წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს, რაც დაახლოებით 300 მლნ ლარია. ეს თანხა საბანკო აქტივებთან და მოგებიანობასთან მიმართებით ძალიან მცირეა და არ ველოდებით არანაირ გავლენას განაკვეთებზე. რაც შეეხება ინვესტირების საკითხს, ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, რომ ეს თანხები სამართავად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადასცეს, რადგან მათ უკვე აქვთ მსგავსი ტიპის ფონდის მართვის გამოცდილება.
რეზოლუციის რეჟიმი საქართველოში არასდროს ამოქმედებულა და არც ახლა დგას არანაირი ნიშნები მისი საჭიროებისა, რადგან საბანკო სექტორი საკმაოდ მდგრადია და მას მასშტაბური რყევები არ ახასიათებს. მიზანი ისაა, რომ ერთგვარი დამატებითი დაცვის ხაზი იქმნება რეზოლუციის ჩარჩოთი, რომ საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე ბანკის პრობლემა მთელ სექტორს არ გადაედოს“, - განაცხადა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, სებ-მა სარეზოლუციო ფონდის შექმნის ბრძანება გამოსცა. საქმე სარეზოლუციო ფონდს ეხება, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყარო იქნება.
ბანკებმა ფონდში შენატანების განხორციელება 2025 წლიდან უნდა დაიწყონ. დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა 8 წელში, 2033 წლამდე უნდა მიაღწიოს, თუმცა ეს ვადა, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ფონდში არსებული თანხა იქნება გამოყენებული ან გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი.