მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სარეზოლუციო ფონდის შექმნის ბრძანება გამოსცა - ბანკები შენატანების გაკეთებას 2025 წლიდან დაიწყებენ

ბანკები

საბანკო სექტორი კიდევ ერთი ახალი ბუფერის შექმნას მომდევნო წლიდან დაიწყებს. საქმე სარეზოლუციო ფონდს ეხება, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყარო იქნება.

სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება დღეს ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს განესაზღვრათ ვალდებულება სარეზოლუციო ფონდში განახორციელონ წინასწარი შენატანები/კონტრიბუციები კანონით განსაზღვრული სამიზნე ნიშნულის მისაღწევად. რეზოლუციის ფონდში თანხების წინასწარ შეგროვება ევროდირექტივის ნაწილია და ცვლილებები ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსური კრიზისის დროს რეზოლუციის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დროებით ფინანსური რესურსის გამოყოფა და ბანკებს მისი დაფარვის ვალდებულება შემდგომ წარმოეშობოდათ.

ბანკებმა შენატანების განხორციელება 2025 წლიდან უნდა დაიწყონ. დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა 8 წელში, 2033 წლამდე უნდა მიაღწიოს, თუმცა ეს ვადა, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ფონდში არსებული თანხა იქნება გამოყენებული ან გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი.

სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანებით აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა, თუ ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოყენებულ იქნა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5%-ის ოდენობით.

ბანკებმა წინასწარი შენატანის პირველი გადახდა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა, ხოლო მომდევნო და შემდეგი გადახდები – არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა”,- წერია ბრძანებაში.

რაც შეეხება შენატანების მეთოდოლოგიას, წინასწარი შენატანი ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრება თითოეული ბანკისთვის, პროპორციულობისა და ობიექტურობის კრიტერიუმების საფუძველზე, ბანკის ინდივიდუალური რისკის პროფილისა და ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით.

ბრძანების მიხედვით, სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი, რომელსაც უფლება აქვს ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ სარეზოლუციო ფონდში, გარდა კომერციული ბანკების მიერ წინასწარი შენატანებისა, ხდება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირება და დადგენილი მიზნობრიობით ათვისებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები