ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის "სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ბუნებრივი გაზის ტარიფში ასახვის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღნიშნული მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს, რადგან "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" აბონენტებისთვის სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფი ექვსი თვის ვადით დაადგინა, იმ პირობით, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში "სოკარის" ინვესტიციების ტარიფებში გათვალისწინების თემაზე შეთანხმება შედგება.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძემ BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თანხა, რაც დროებით დამტკიცებულ ტარიფში არ აისახა, 150 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს $150 მლნ-იანი ინვესტიცია 2022 წლის ჩათვლით მოსახლეობას, ბუნებრივი გაზის გაზრდილ საფასურად არ დააწვეს.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ამ ვადის გადაწევა მოხდეს, აქედან გამომდინარე, კომისიამ დროებითი ტარიფი დაადგინა. თუ იქნება მიღწეული შეთანხმება ამ ინვესტიციების გადავადებასთან დაკავშირებით, არამიზანშეწონილი იქნებოდა ამ ინვესტიციების ტარიფში ახლა გათვალისწინება. თუ ეს შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, 6 თვის შემდეგ კომისია იმსჯელებს იმ ფაქტობრივი ინვესტიციების ტარიფში ასახვაზე, რომელიც ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის", - განმარტა გივი სანიკიძემ.
მოლაპარაკებების დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად BM.GE "სოკარ ჯორჯია გაზსაც" დაუკავშირდება, თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე განმარტებებისგან თავს იკავებენ.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და "სოკარმა" $150 მილიონიანი ინვესტიციის 2020-2022 წლების გაზის ტარიფით ამოღება მოითხოვა, გაზის განაწილების ტარიფი, რაც სამომხმარებლო ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, სავარაუდოდ გაიზრდება.
"სოკარის" ინვესტიციების გაუთვალისწინებლობის გარდა, მოსახლეობისთვის ტარიფის შენარჩუნება ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ სოციალური გაზის გაიფების ხარჯზე მოხდა. BM.GE დაინტერესდა, როგორ აისხება ეს ფაქტი თავად კორპორაციის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, თუმცა კორპორაციაში განმარტებებს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები "თბილისი ენერჯისა", "სოკარ ჯორჯია გაზის", "საქორგგაზისა" და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. მათგან, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" გარდა, ყველა კომპანიისთვის სამწლიანი ტარიფი დამტკიცდა.