"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო. დისკუსიის თემა იყო, „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“.
ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები.
ამ კონტექსტში კობახიძემ უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. კობახიძის განცხადებით, საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.




























