მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თქვა ტრამპმა გრენლანდიაზე დავოსის ფორუმზე გამოსვლისას?

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის რიგით 76-ე ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა. მისი საუბრის უდიდესი ნაწილი გრენლანდიას დაეთმო. მან იმ მიზეზების ჩამოთვლა, თუ რატომ უნდა მიიღოს აშშ-მ “მწვანე კუნძული”, დანიის ისტორიულ გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილებით დაიწყო. ტრამპმა თქვა, რომ 1941 წელს, ოფიციალური კოპენჰაგენის მიერ ნაცისტური გერმანიისთვის კაპიტულაციის 6 საათში გამოცხადების გამო შტატები სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა სტრატეგიული საფრთხის წინაშე და რადგან დანიის აღება ნაცისტებს გრენლანდიაზე კონტროლის მიღების ალბათობასაც უჩენდა, აშშ-ს კუნძულის საკუთარი ძალების დაცვა მოუწია. ტრამპმა, გარკვეულწილად, გამოთქვა შიში, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს, ამიტომაც განაცხადა, რომ შტატებს “მწვანე კუნძულის” მიღება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გამო სჭირდება.

თუმცა ტრამპს არ უთქვამს არაფერი იმაზე, რომ 1941 წლისაგან განსხვავებით, ამჟამად, როგორც აშშ, ისე დანია და მისი ავტონომიური ერთეული გრენლანდია NATO-ს ქოლგის ქვეშ თანაბრად არიან დაცული. შესაბამისად, თუ ვინმე დანიის დაპყრობას ცდის, აშშ-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის ფარგლებში ქვეყნისა და კუნძულის დაცვა ისედაც მოუწევს.

კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც ტრამპმა გრენლანდიის მიღების აუცილებლობა გაამართლა იყო დაკავშირებული შტატების მიერ NATO-ს დაცვაში ათწლეულების განმავლობაში გაწეული დახმარების მოცულობა. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას უთხრა, რომ შტატები ევროპელ მოკავშირეებს დიდი ხნის განმავლობაში უსასყიდლოდ იცავდა და რომ დადგა დრო, ამერიკამ ამის საზღაური მიიღოს, რაც, ტრამპის თქმით, სწორედ გრენლანდია უნდა იყოს. პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმ ომებზე, რომლებშიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩაერთო NATO-ს ყველა მოკავშირე ქვეყანა. არც იმაზე, რომ დღემდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ მესამედზე მეტი, 36% სწორედაც მოკავშირე ქვეყნებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს განსაკუთრებული ყურადღება გრენლანდიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებსა და კუნძულის გარშემო წარმოდგენილ სავაჭრო გზებზე არ გაუმახვილებია. შტატების ლიდერმა თქვა, რომ ის იშვიათი მეტალები, რომლებიც გრენლანდიაზეა წარმოდგენილი, მისთვის საინტერესო არ არის, რადგან მსგავსი რესურსები მთელ მსოფლიოში მოიპოვება და რაც მათ “იშვიათად” აქცევს, ეს დამუშავების რესურსების სიმწირეა. შეგახსენებთ, ამ მხრივ მსოფლიოს უალტერნატივო ლიდერი ჩინეთია, რომელიც იშვიათი მეტალების 90%-ზე მეტს ამუშავებს.

შტატების ლიდერმა ისიც თქვა, რომ აშშ NATO წევრ სახელმწიფოებს შორის ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის დაცვა დამოუკიდებლად შეუძლია. დადო პირობაც, როცა გრენლანდია ამერიკის ნაწილად იქცევა, იქ “ოქროს გუმბათის” დაცვის სისტემას დააყენებს და კუნძულს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხისაგან დაიცავს. აზიის ორივე სახელმწიფო ტრამპმა ვენესუელას კონტექსტშიც ახსენა და თქვა, რომ როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მადუროს დაკავების ოპერაცია განახორციელა, არავითარმა რუსულმა თუ ჩინურმა თავდაცვითმა ტექნოლოგიამ არ იმუშავა და ვენესუელას ლიდერი ვერ გადაარჩინა.

სიტყვის ბოლოს ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებს, განსაკუთრებით კი დანიასა და გრენლანდიას ტერიტორიის გადაცემაზე მოლაპარაკებების დაწყება ხელახლა შესთავაზა და თქვა, რომ პროცესის დასაძრავად მზად იყო. შტატების ლიდერმა სამხედრო ძალის გამოყენებით კუნძულის ხელში ჩაგდების ალბათობა გამორიცხა, თუმცა თქვა, თუ კუნძულს არ დაუთმობენ, ამას “კარგად დაიმახსოვრებს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები