ახალი წლის დადგომასთან ერთად, საქართველოში ახალი ტრენინგ ცენტრი დაფუძნდა, რომელიც კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალფეროვანი პროფესიულ კურსების გარდა, რაც კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, პროფესიული გზის გაკვალვის მიზნით სკოლის მოსწავლეებზეც ფოკუსირდება. Skillcraft Academy - ასე ჰქვია ახალ ცენტრს, რომელიც პრაქტიკული ტრენინგებითა და სემინარებით სკოლის მოსწავლეებს კარიერული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, მასტერკლასებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან, რომლებიც მოსწავლეებს კონკრეტულ პროფესიაში არსებულ გამოწვევების, მოსალოდნელი ანაზღაურების და პირადი და სამუშაო ბალანსის შესახებ მოუყვებიან.
როგორც Skillcraft Academy-ის თანადამფუძნებელმა, ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში” განაცხადა, ტრენინგ ცენტრის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლებმა დაინახეს, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა დაუბალანსებელი იყო, რადგან ციფრული მიმართულებებით ტრენინგების მიწოდება გაცილებით ჭარბი იყო, ვიდრე ტრადიციული ბიზნესმიმართულებების შემთხვევაში.
“დაახლოებით სამი თვის წინ, აღმოვაჩინეთ პრობლემა: ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი აკადემია თუ ტრენინგ ცენტრი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრულ მიმართულებებზე ფოკუსირდებიან, მაგრამ გადამზადების საჭიროება არსებობს იმ ტრადიციული ბიზნესმიმართულებების კუთხითაც, რომლებზეც, რეალურად, დგას ჩვენი ეკონომიკა. გადავწყვიტეთ, ეს ნიში შეგვევსო და ისეთი კურსები შეგვექმნა, რომლებიც პროფესიონალებს კარიერულ ზრდაში დაეხმარებოდა.
ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულება გვაქვს, ესენია: ბიზნესი, სამედიცინო, სამართალი და ფსიქოლოგია. ჩვენი ტრენინგები ძალიან პრაქტიკულია, ხოლო ტრენერები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან და მხოლოდ რამდენიმე არის ისეთი, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტში მუშაობს. ტრენერების უდიდესი ნაწილი კომპანიებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ და შესაბამისად, ტრენინგები მათ პირად გამოცდილებას და წარმატების მაგალითებს ეფუძნება”, - აღნიშნა ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში”.
როგორც Skillcraft Academy-ში ამბობენ, ტრენინგ ცენტრის ხედვა - პრაქტიკულობას ეფუძნება, შესაბამისად ყველა კურსი, სწორედ ამ იდეით არის შექმნილი.
“ერთ-ერთი ტრენინგი, რომელსაც ბიზნეს მიმართულებით ვატარებთ, ევროკავშირში და აზიის ქვეყნებში პროდუქტის გატანას უკავშირდება, რომელსაც მერაბ ჭითანავა უძღვება. ეს საკმაოდ რელევანტური მიმართულებაა, მით უმეტეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ფონზე, რადგან საკუთარი ნაწარმის ევროკავშირში გატანა ბევრ ბიზნესს სურს.
არ გვინდოდა, მხოლოდ ტრადიციული ტრენინგები ჩაგვეტარებინა, რის გამოც განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ. აი, სამართლის კუთხით, მაგალითად, ასეთი ტრენინგები გვაქვს - “კიბერდანაშაული მეტავერსში” და “დანაშაულის ნავიგაცია ციფრულ სამყაროში”. თითოეული კურსი მორგებულია რეალობას.
ამასთან, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამედიცინო მიმართულებას, რომელიც საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებზე არის ფოკუსირებული და შესაბამისად, ინგლისურად წარიმართება. საქართველოში ბევრი უცხოელი სტუდენტია, რომელთაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, უნივერსიტეტის გარდა, ფაქტობრივად, არ აქვთ, მაგრამ ამ ტრენინგის გავლით, ცოდნის დამატებითი წყარო უჩნდებათ. ამ მიმართულებით პირველი ტრენინგი იანვარში ჩატარდება”, - განმარტა Skillcraft Academy-ის თანადამფუძნებელმა, ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში”.
თუმცა უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების გადამზადების გარდა, Skillcraft Academy დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთ მიმართულებას სთავაზობს, რომელიც კარიერულ გზაზე სკოლის მოსწავლეების დახმარებას ისახავს მიზნად. ირაკლი კიკორიას განმარტებით, ეს მიმართულება კომპანიამ იმისთვის დაამატა, რომ სკოლის მოსწავლეებს დამოუკიდებელი კარიერული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეს.
“მაშინ, როცა დამამთავრებელ კლასებში მყოფი სკოლის მოსწავლეები კარიერულ არჩევანს აკეთებენ, ხშირად, ამ არჩევანს მშობლების სურვილი ან კონკრეტული პროგრამის ტრენდულობა განაპირობებს. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი უნივერსიტეტში აბარებს, მაგალითად, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სხვა ფაკულტეტზე გადადის და ამ დროს კარგავს, როგორც ერთ წელიწადს, ასევე ერთი სასწავლო წლის გადასახადს, რაც, ხშირად, დიდი თანხაა. ამასთან, ეს რთული საკითხია მენტალურადაც, რის გამოც გვსურს, მოსწავლეებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ.
ამ პროექტს Craft Your Career ჰქვია და ის რვადღიან სემინარს მოიცავს. ყოველ დღე, ტრენინგს კონკრეტული დარგის სპეციალისტი ატარებს და ამ დროს, სკოლის მოსწავლეებს ესაუბრება, თუ რა ტიპისაა ის საქმე, რომელიც მან აირჩია - აი, მაგალითად, რამდენად რთულია ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა; რთულია თუ არა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; რა სახელფასო მოლოდინი შეიძლება არსებობდეს დამწყებ, საშუალო და მაღალი რანგის თანამდებობებზე და როგორია პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი.
ამ ეტაპზე რვა მიმართულება გვაქვს, ესენია: ბიზნესი, სამართალი, სამედიცინო, ფსიქოლოგია, პროგრამირება, მარკეტინგი და დიპლომატია.
პირველი სკოლა, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერესდა - “ევროპული სკოლაა”, სადაც ეს სემინარი ასამდე მოსწავლეს ჩაუტარდება”, - განაცხადა ირაკლი კიკორიამ “საქმიან დილაში” და დასძინა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლე სერტიფიკატს იღებს, მაგრამ ამასთან, მას კონკრეტულ ტრენერთან ერთკვირიანი მენტორობის ჩანიშვნის შესაძლებლობაც აქვს.