აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანთა ვაჭრობის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოხვდა საქართველოში არსებული ვითარებაც. დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე წერია, რომ საანგარიშო პერიოდში მთავრობამ გაატარა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის იყო ტრეფიკინგში ჩართული პირების მხილება, მსხვერპლების იდენტიფიცირება და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებისთვის დაფინანსების ზრდა. ამასთან, პირველად სასამართლოებმა ტრეფიკინგის მსხვერპლის მიმართ გამოიყენეს კომპენსაციის გადახდის ზომაც.
ანგარიშში ასევე წერია, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც ტრეფიკინგის საქმეებში მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას სავალდებულოს ხდის. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან მთავრობის სისტემატური თანამშრომლობის ნაკლებობა ხელს უშლიდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რაც გულისხმობს: ტრეფიკინგის დანაშაულების, განსაკუთრებით კი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიებას და ტრეფიკერების შესაბამისად დასჯას, რაც მოიცავს მნიშვნელოვანი ვადით პატიმრობას; ტრეფიკინგის მსხვერპლების პროაქტიური იდენტიფიცირება მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმებით; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება; დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსებისა და ტრენინგების რაოდენობის გაზრდა; დაზარალებულთა წახალისება მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო პროცესში და დაზარალებულზე ორიენტირებული სასამართლო პროცედურების უზრუნველყოფა; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის შრომის ინსპექციის რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდა; ტრეფიკინგის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დაცვისთვის მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ზრდა; სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა იმისთვის, რომ ისინი მთავრობას დაეხმარონ ტრეფიკინგის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გამოქვეყნება.
ანგარიშში ასევე მოხვდა საქართველოში ტრეფიკინგის შემთხვევები.
"ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით, ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით აჭარაში და ასევე საზღვარგარეთ კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ტრეფიკერები თაღლითურად ახდენდნენ მსხვერპლების რეკრუტირებას და ჩაის გადამმუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მაღალანაზღაურებად სამუშაოებს ჰპირდებოდნენ. საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ტრეფიკერები ცენტრალური აზიიდან, განსაკუთრებით ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოსულ ქალებს სექსტრეფიკინგში იყენებენ აჭარის რეგიონის ტურისტულ ზონებსა და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი და ბათუმი. ისინი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ საშუალებებს. უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გამოექცნენ და რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაექცნენ, ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლადები არიან“, - წერია ანგარიშში.




























