მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა წერია ზელენსკის მიერ გასაჯაროებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში?

რუსეთი უკრაინა და ამერიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საბოლოოდ გაასაჯაროვა ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც ამერიკელი, უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მსჯელობენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არც რომელიმე მედიის მიერ კულუარულად მოპოვებული დოკუმენტი და არც რამე სახის სპეკულაციაა. ეს არის ის 20-პუნქტიანი გეგმა, რომელზე ხელმოწერითაც 2022 წელს დაწყებული ომი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს. ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ოფიციალურ კიევს, სულ მცირე იმ პოზიციების გამაგრება სურს, რომელზეც ამჟამად უკრაინელი, რუსი და ამერიკელი მომლაპარაკებლები არიან შეთანხმებული. გამაგრება, ანუ უზრუნველყოფა, რომ ამაზე უარესი მოცემულობის წინაშე ომში მყოფი ქვეყანა აღარ ჩადგება.

და მაინც, რა წერია დოკუმენტში:

(1) 20-პუნქტიანი გეგმა იწყება მხარეების მიერ იმის აღიარებით, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიებსაც ხელმომწერები ოფიციალურად აღიარებენ და პატივს სცემენ.

(2) სიაში მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია სრული და უპირობო შეთანხმება ძალის არგამოყენების, ერთმანეთზე თავდასხმისგან თავის შეკავების შესახებ. ამ პუნქტის მონიტორინგზე პასუხისმგებლობას არა ადამიანები, არამედ სატელიტები აიღებენ, რომლებიც სასაზღვრო ზონებს მუდმივად დააკვირდებიან და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მხარეების შეტყობინებას მომენტალურად გაუგზავნიან.

(3) გეგმის მესამე კომპონენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას გულისხმობს, თუმცა ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, მითითებული აქ არ არის.

(4) მეოთხე პუნქტში საუბარი უკრაინის ძალისხმევითა და რუსეთის უკან დახევით მიღწეულ შუალედურ შეთანხმებას ეხება. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანობის დროს 800,000 ჯარისკაცის ყოლის უფლება ექნება. შეგახსენებთ, ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან დოკუმენტში საუბარი მხოლოდ 600,000-ზე იყო.

(5) საინტერესოა, რომ მე-5 პუნქტი მე-3 პუნქტისგან გამოცალკევებულად არის წარმოდგენილი. არადა, სწორედ ეს მუხლი აზუსტებს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატები, NATO და ევროპელი მოკავშირეები მისცემენ. გარანტიებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცნობილ მე-5 მუხლს მოგვაგონებს. ამ პუნქტს თავისი ქვე-პუნქტებიც ახლავს თან. პირველის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინას თავს ისევ დაესხმება, ხელმომწერი და გარანტორი ქვეყნები რუსეთზე ერთობლივ სამხედრო შეტევას მიიტანენ, დაწესებულ გლობალურ სანქციებს კი განაახლებენ. რაც შეეხება მეორე ქვე-პუნქტს, თუ თავად უკრაინა გაუხსნის ცეცხლს რუსეთს წინასწარი პროვოკაციის გარეშე, გაუქმდება კოლექტიური დაცვის ყველა გარანტია. ამ მხრივ, საინტერესოა ბოლო, მესამე ქვე-პუნქტი, რომლის თანახმადაც, უკრაინას უფლება ექნება, შეინარჩუნოს უსაფრთხოების ის ორმხრივი შეთანხმება, რომელიც 30-მდე ქვეყანასთან აქვს დადებული. ანუ, მე-5 პუნქტი რომც გაუქმდეს, ომში მყოფ სახელმწიფოს მოკავშირეები მაინც შეუნარჩუნდება.

(6) განსაკუთრებულად საინტერესოა შეთანხმების მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანო, დუმა ევროპასა და უკრაინაზე თავდაუსხმელობის დაპირების ოფიციალურად გააფორმებს, ანუ დააკანონებს. ოღონდ აქ საკითხავია, ვინ უზრუნველყოფს, რომ დუმაში დამტკიცებულ დოკუმენტს ისევ დუმას დეპუტატები არ გააუქმებენ.

(7) ისევ უკრაინას რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება ოფიციალურად მიეცემა და რუსეთი ამ საკითხის მიმართ ისეთ ჩამკეტ მოთხოვნებს არ დააყენებს, როგორც NATO-ს მიმართებით აქვს. პარალელურად, უკრაინა ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას გაწევრიანებამდევე, გარკვეული პერიოდით მოიპოვებს, რათა ქვეყანამ ნახევარ-მილიარდიან ბაზართან ადაპტირება და ეკონომიკის გადალაგება შეძლოს. საინტერესოა, რომ ამავე გამოსვლისას ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო თარიღად არა 2030 წელი, არამედ 2027-2028 წლების ფანჯარა დაასახელა.

(8) მე-8 პუნქტი უკვე ომგამოვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება. კერძოდ, შეიქმნება გლობალური განვითარების პაკეტი, რომლის თანახმადაც: ა) განვითარების ფონდი ინვესტიციებს სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის, ტექნოლოგიაში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ჩადებს. ბ) აშშ და ამერიკული კომპანიები უკრაინული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის ინვესტიციებს ოფიციალურ კიევთან ერთად განახორციელებენ. სავარაუდოდ, საუბარია ერთობლივ კომპანიებზე, რომლებშიც ამერიკული ენერგო-გიგანტები, მათ შორის, Chevron-ი შემოვლენ. გ) ერთობლივი ძალისხმევით დაიწყება ომით დაზარალებული რეგიონების აღდგენაც, მათ შორის საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია. დ) პრიორიტეტი მიენიჭება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ე) პარალელურად, იშვიათი მეტალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება ახალ ეტაპზე გადავა. ვ) დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარეებს მსოფლიო ბანკის და მისი სესხები დაეხმარება. ზ) შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს.

(9) შეიქმნება რამდენიმე გლობალური ფონდი, რომელთა დანიშნულებაც უკრაინის ეკონომიკის აღდგენა, დაზარალებული რეგიონების განახლება და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება იქნება. აღნიშნულმა ფონდებმა თავი უნდა მოუყარონ $800 მილიარდ დოლარს, ანუ იმ თანხას, რა მოცულობის ზარალიც 2022 წლიდან დღემდე უკრაინას მიადგა. ფაქტობრივად, ამ მოცემულობით უკვე ოფიციალურად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინას რუსულმა აგრესიამ თითქმის 1 ტრილიონის ზიანი მიაყენა.

(10) საინტერესოა მე-10 პუნქტიც, რომელიც უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. გამოდის, ამ მოცემულობით, ნაომარი ქვეყანა ერთდროულად ორ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე მოიპოვებს წვდომას.

(11) ეკონომიკური საკითხებიდან ისევ თავდაცვით სექტორს ვუბრუნდებით. მე-11 პუნქტის თანახმად, უკრაინა შეინარჩუნებს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს როლს და ამ კუთხით განვითარებაზე უარს იტყვის.

(12) რაც შეეხება უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს და კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ სერიოზულად დააზიანა. გეგმის მიხედვით, აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური აღდგება. ხოლო ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურს 3 მხარე - უკრაინა, რუსეთი და აშშ თანაბრად, 33%-იანი წილით გააკონტროლებენ. სხვათა შორის, ოფიციალური კიევი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და შტატებს სთავაზობს, სადგური ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა ერთად მართონ. ასეთ შემთხვევაში, უკრაინა მზად არის, გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 50% დაიტოვოს, 50%-ის ბედი კი შტატებს მიანდოს.

(13) მე-13 პუნქტის თანახმად, უკრაინა და რუსეთი საკუთარ სკოლებში განსხვავებული კულტურების მიმართ ტოლერნატობისა და რასიზმთან ბრძოლისა შესახებ საგნებს შემოიღებენ. პარალელურად, უკრაინა რელიგიური ტოლერნატობის, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას დანერგავს.

(14) რაც შეეხება კონფლიქტის ცხელ ხაზს, დონეცკს, ლუჰანსკს, ზაპოროჟიესა და ხერსონს, ის ზონა, რომელიც მხარეებს ხელმოწერის გაფორმების დროს ექნებათ დაკავებული დე-ფაქტო ფრონტის ხაზად გამოცხადდება. მათ გარშემო კი შესაძლოა თავისუფალი ეკონომიკური ზონაც შეიქმნას. თუმცა ეს საკითხი, ზელენსკის თქმით, კვლავ პრობლემურად რჩება. ამასთან, რუსეთს მოუწევს ჯარების ოკუპირებული დნეპროპეტროვსკიდან, მიკოლაივიდან, სუმიდან და ხარკოვიდან გაყვანა, რათა პუნქტმა ძალა შეიძინოს. ფრონტის ხაზის პარალელურად განთავსდებიან საერთაშორისო ძალები, რომლებიც შეთანხმების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევენ.

(15) გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელია მე-15 პუნქტიც, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი და უკრაინა ტერიტორიული უთანხმოებების გადაჭრის ერთადერთ გზად დიპლომატიურ მოლაპარაკებებს დაასახელებენ, იარაღის აღებისა და საკითხის ომის გზით გადაწყვეტისაგან კი თავს შეიკავებენ.

(16) პარალელურად, უკრაინას ექნება მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სრული უფლება. დამატებით, მოეწერება ხელი საზღვაო შეთანხმებას, რომელიც აღნიშნულ ზონაზე თავისუფალ და შეუზღუდავ ნავიგაციასა თუ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

(17) გარიგების მნიშვნელოვანი პუნქტია ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრა. კერძოდ, მე-17 პუნქტის თანახმად, ჩამოყალიბდება კომიტეტი, რომელიც “ყველა-ყველას სანაცვლოდ” პრინციპით სამხედრო ტყვეების გაცვლას უზრუნველყოფს. ამასთან, ყველა სამოქალაქო პირი, მათ შორის, გატაცებული ბავშვები და პოლიტიკური პატიმრებიც დაბრუნდებიან სამშობლოში. ჰუმანიტარული საბჭო იმუშავებს ომით დაზარალებულთა მენტალური პრობლემების მოგვარებაზე.

(18) საინტერესოა მე-18 პუნქტიც, რომლის თანახმადაც, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გარიგების ხელმოწერიდან უახლოეს პერიოდში უნდა დაინიშნოს. სხვათა შორის, ამ კუთხით მზაობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გამოთქვა.

(19) რაც შეეხება ბოლო 2 პუნქტს, მე-19-ს თანახმად, ხელმომწერი მხარეები დათქმული პირობების შესრულებაზე სრულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას აიღებენ. მის მონიტორინგზე კი მშვიდობის საბჭო იზრუნებს. საბჭო, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დოკუმენტის აღსრულებაში ჩაერთვებიან უკრაინა, რუსეთი, ევროპა, NATO და ამერიკის შეერთებული შტატები. შეთანხმების რომელიმე პუნქტის შეუსრულებლობა ავტომატურად გამოიწვევს სანქციებს დამრღვევის წინააღმდეგ.

(20) ბოლო, მე-20 პუნქტის თანახმად კი, 2022 წლის 24 თებერვალს გახსნილი ცეცხლი იმ წუთსვე შეწყდება, როგორც კი ხელმოწერა გაფორმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები