მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტვირთები გადაიზიდა საქართველოს რკინიგზით III კვარტალში? - სტატისტიკა ცნობილია

მატარებელი

საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის 9 თვეში სულ 10.2 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც წინა წელთან შედარებით 0.6 მილიონი ტონით ნაკლებია.

ეს შემცირება კომპანიის საოპერაციო შემოსავალზეც აისახა. კომპანიამ პერიოდის განმავლობაში 481 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 10 მილიონი ლარით არის შემცირებული. მათ შორის უშუალოდ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების შემოსავალი 261 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 33 მილიონი ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდულ 10.2 მილიონ ტონა ტვირთებს შორის 5.85 მილიონი ტონა სატრანზიტო მომსახურება იყო, 3,1 მილიონი ტონა საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო დანარჩენი კი ადგილობრივი ტვირთების მომსახურბა იყო.

უცხოეთის ტვირთებს შორის საქართველოს რკინიგზა ყველაზე მეტს რუსულ საქონელს ემსახურება.

“2023 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5%-ისთვის - აზერბაიჯანი, 2.9%-ისათვის - რუმინეთი, 2.6%-ისათვის - თურქმენეთი, 2%-ისათვის - ბელარუსი, 1.7%-ისათვის - თურქეთი, 1.6%-ისათვის - ჩინეთი, 0.1%-ისათვის - ყაზახეთი.

2023 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1%-ისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7%-ისათვის - რუსეთის ფედერაცია, 8.3%-ისათვის - სომხეთი, ხოლო 4.4%-ისათვის - აზერბაიჯანი”, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება რკინიგზით გადატანილი ტვირთების შემადგენლობას, მათ შორის პირველ ადგილს ლითონის მადნები და სხვადასხვა სამთო-კარიერული პროდუქტები იკავებს. მასზე მთლიანი გადაზიდვების 30% მოდის; მეორე ადგილს იკავებს ქვანახშირი და ნედლი ნავთობი 27%-ით; 14% მოდის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გატარებაზე; 8% რაფინირებული ნავთობპროდუქტების გადაზიდვებზე; 8% სხვა რაფინირებული ნედლეულის გადაზიდვაზე; 4% ლითონებზე; 3% ქიმიკატებზე; 5% კი სხვა დანარჩენი კატეგორიის ტვირთებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები