საქართველოს მთავრობა სტუდენტთა რაოდენობით ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას განიხილავს, რის შემთხვევაშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი იქნება. ამ მიზნით პირველი მოსმენით უკვე მიიღეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიღების შემდეგაც განათლების სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მათი გაერთიანების მიზნით რეორგანიზაციის გამოცხადება შეეძლება.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე.
ამასთან, როგორც მთავრობის წევრებმა ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს განაცხადეს, იგეგმება სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გაყიდვა, ხოლო თბილისსა და რუსთავს შორის ახალი საგანმანათლებლო ობიექტები აშენდება, სადაც კონკრეტული ფაკულტეტები გადაინაცვლებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული გაერთიანების შემდეგ მთავრობამ ტექნიკური უნივერსიტეტის, ან თსუ-ს აქტივების ნაწილი გაყიდოს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თსუ, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი ათიათასობით კვადრატული მეტრის ფართობის უძრავ ქონებას ფლობენ. უფრო დეტალურად, თსუ-ს უშუალოდ საკუთრებაშია 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზე თსუ-ს კორპუსების ფართობია 60,313 კვადრატული მეტრი, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე 214,550 კვადრატული მეტრი, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე 11,353 კვადრატული მეტრი. თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, ასევე 10,100 კვადრატული მეტრის ქონება დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში. ამასთან, 2025 წლის დეკემბერში თსუ-მ მთავრობის გადაწყვეტილებით უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომ მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტთან არსებულ უძრავ ქონებაში.
რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში კოსტავას ქუჩაზე არის განთავსებული. ჯამურად ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
თსუ-ს უძრავი ქონების ნაწილი:



თსუ-ს მიერ 2025 წლის დეკემბერში უსასყიდლოდ გასხვისებული მეშვიდე კორპუსი:

ტექნიკური უნივერსიტეტის აქტივები:






























