UFC 306 ქალაქ ლას-ვეგასში 15 სექტემბერს გაიმართება და მთავარ ბრძოლად შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო დაპირისპირებაა ჩანიშნული.
ღონისძიება “სფეროს” სახელით ცნობილ არენაში ჩატარდება, რომლის მშენებლობაც 2,3 მილიარდი დოლარი დაჯდა და 18 600 ადამიანს იტევს. მასში განთავსებულია 54 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 16K რეზოლუციის LED ეკრანი, განსხვავებული აუდიო სისტემით, რომელიც 4K ეფექტების განხორციელების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაზე 45 კამერა იმუშავებს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ შოუებზე 20 მუშაობს, ხოლო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის UFC-ის წარმოების 4 სატვირთო მანქანა დასჭირდა, მაშინ როცა ზოგადად ორ ცალს იყენებენ.
თუკი აქამდე UFC-ის ყველაზე ძვირად ღირებული შოუს ორგანიზება 2 მილიონი დაჯდა, დანა უაითის განცხადებით, შოუს ორგანიზებაში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი არის ჩადებული და ის სპეციალურად მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია. მისი განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი “სასიყვარულო წერილი” მექსიკის საბრძოლო კულტურისა და ისტორიის მიმართ და ასეთი გრანდიოზული შოუთი პატივს მიაგებს.
შოუს დაგეგმვაზე მუშაობენ აშშ-ს საუკეთესო გრაფიკოსები და დიზაინერები, რომლებიც “ოქროს გლობუსის”, “ოსკარისა” და “ემის” ჯილდოს მფლობელებიც არიან. მთლიანობაში შოუს ნაწილზე 300-მდე, ხოლო უშუალოდ ბრძოლის ნაწილზე 150-ზე მეტი ადამიანია პასუხისმგებელი.
კომპანია იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მოახლოებულ ღონისძიებას, რომ სათავო ოფისის ტერიტორიაზე სარეპეტიციოდ “სფეროს” მინი ვერსია ააშენეს. თითოეული ბრძოლის წინ გაეშვება მინი ფილმი, ჯამში სულ 6 ცალი, რომელიც მოგვითხრობს მექსიკაში საბრძოლო კულტურის ფესვების და მისი დღევანდელ დღემდე მოსვლის ამბავს. ფილმები გაფორმებული იქნება პრაქტიკული ეფექტებით, ანიმაციური გრაფიკებითა და ოქტაგონის გოგონების მხრიდან კოსტიუმირებული ქორეოგრაფიით, რაც არამარტო ადგილობრივი მაყურებლებისთვის, არამედ მსოფლიოს გარშემო გლობალური აუდიტორიისთვის მიმზიდველი იქნება.
ცნობილია, რომ შოუმდე ორი კვირით ადრე ფილმების სრული ვერსია არავის არ ჰქონდა ნანახი, რადგან “სფეროს” ეკრანის ზომა და რეზოლუცია 16 000 X 16 000-ზე პიქსელს შეადგენდა და მცირე ცვლილებასაც კი დღეების რენდერი ესაჭიროებოდა. პროცესის ასწრაფების მიზნით კომპანიამ ცალკე ფერმაც კი ააშენა და მაყურებელს მოუწოდა, რომ 90 წამიანი ფილმების დროს არ მოწყდნენ ეკრანს და სხვა საქმით არ დაკავდნენ, რადგან თითო ფილმის შექმნაზე დაახლოებით 3 მილიონი დოლარი და უამრავი ადამიანური რესურსი დაიხარჯა.
ბევრი ექსპერტის ვარაუდით ამ ღონისძიების შემდეგ UFC-ის განახლებული მედია ხელშეკრულება წელიწადში 450 მილიონ დოლარს მიაღწევს, ამჟამად კი კომპანიის შემოსავალი მედიის მხრიდან 300 მილიონადაა შეფასებული. ამას გარდა კომპანიის “Pay Per View” ღონისძიებების ექსკლუზიური ჩვენების უფლება ტელეკომპანია ESPN-ს აქვს შეძენილი, რომელიც ორგანიზაციას წლიურად 260 მილიონს უხდის, თუმცა კონტრაქტის განახლებისას თანხა დაახლოებით 200 მილიონით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის მთავარი პარტნიორი და სპონსორი ღონისძიების დაგეგმვაში საუდის არაბეთია, რომლის ფარგლებშიც UFC 306-ის მეორე სახელი Riyadh Season Noche UFC ერქმევა. არაბებს აბუ-დაბიში UFC-ის თითო “Pay Per View” შოუ ჩატარება 25 მილიონი დოლარი უჯდებათ, რომელშიც ტრადიციულად საჩემპიონო ბრძოლაც შედის, ხოლო უბრალო “Fight Night” შოუში საუდელები 20 მილიონს იხდიან.
UFC 306-ის ბილეთების ფასი ყველაზე მაღალი იყო ორგანიზაციის ისტორიაში, ის დაახლოებით 2500 დოლარიდან იწყებოდა და უმაღლესი ფასი 17 ათას დოლარს აღწევდა. მოგვიანებით ბილეთების ბოლომდე ვერ გაყიდვისა და შოუს თარიღის მოახლოების გამო კომპანიამ გადაწყვიტა მასზე ფასები დაეკლო და ახლა UFC-ის ოფიციალურ საიტზე ყველაზე იაფიანი ბილეთის შეძენას 751, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულს 9957 დოლარად შეძლებთ.
აქამდე ბილეთების გაყიდვით ყველაზე დიდი შემოსავალი 17 მილიონი დოლარი კომპანიამ 2016 წელს UFC 205-ზე მიიღო, როდესაც “Madison Square Garden-ზე” ლეგენდარულმა კონორ მაკგრეგორმა იბრძოლა. ორგანიზაცია ამ მიმართულებითაც აანონსებს რეკორდის მოხსნას და წინასწარი ვარაუდით “სფეროში” ჩატარებული შოუ UFC-ის 21 მილიონ დოლარს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ დანა უაითს პოსტ შოუსთან დაკავშირებითაც უდიდესი გეგმა აქვს. მისი მიზანია ღონისძიების დასრულების შემდეგ მისი ხელახლა დამონტაჟებული ვერსია გამოუშვას, რომელსაც “ემის”, “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ცერემონიებზე გააგზავნის და ეცდება კინო თუ ტელე სივრცეშიც შეძლოს ჯილდოების მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მთავარი ქარდი 15 სექტემბერს გამთენიის 03:30 საათზე დაიწყება და საღამოს შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბი დახურავს.