მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა უჯდება "როკფელერის ცენტრს" ნიუ-იორკის მთავარი ნაძვის ხე?

როკფელერის ხე

ნიუ-იორკის მთავარი საშობაო ნაძვის ხე, იგივე როკფელერის ხე, 3 დეკემბერს საზეიმოდ განათდა. 23-მეტრიან ნორვეგიულ ნაძვზე 50 000 ფერადი ნათურის ანთების ცერემონიალი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო კომპლექსში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ჩატარდა. ხე როკფელერის ცენტრის წინ ნიუ-იორკის შტატის აღმოსავლეთ გრინბუშის ოლქიდან, ჯუდი და დენ რასების ოჯახის ეზოდან აღმოჩნდა, რომლებმაც ნაძვი 60 წლის წინ დარგეს.

ნაძვის ხე, რომელიც სადღესასწაულო სეზონზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებასაც წარმოადგენს, როკფელერის სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად უფასოდ გადაეცემა იმ ოჯახის მიერ, რომელსაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, ნაძვის ხე დონაციაა და როკფელერის ცენტრისთვის დამატებით ხარჯს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, 20-დან 30 მეტრამდე სიმაღლის ნაძვის ხე, როგორც წესი, საშუალოდ $20 000 ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხე უფასოდ გადაეცემა, როკფელერის ცენტრი მისი ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს. ამ ზომის ნაძვის გადაზიდვა კი კომპლექსურ ლოგისტიკას მოითხოვს და ძვირიც ჯდება. სხვადასხვა დათვლებით, იმის მიხედვით, თუ ნიუ-იორკის შტატის რომელი ოლქიდან მოდის ნაძვი, მისი ტრანსპორტირება, შესაძლოა, $5 000-დან $70 000-მდე დაჯდეს. დამატებითი ხარჯია ხის განათებებისთვის მომზადებაც.

ნაძვის ხის დადგმის შემდეგ, იგი 50 000-ზე მეტი ფერადი LED განათებით იფარება. ნაძვის ხის თავზე კი Swarovski-ს 90 კილოგრამიანი ვარსკვლავი იდგმება, რომელიც 3-მილიონზე მეტი კრისტალისგან შედგება. სხვადასხვა შეფასებით, მხოლოდ ვარსკლავის ღირებულება $1.5-დან $3 მილიონამდე მერყეობს. რაც შეეხება ნათურებს, მათი ნაძვის ხეზე განთავსების ღირებულების ჩათვლით, დამატებით $75 000-მდე შეიძლება დაჯდე.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნაძვის ხე უფასოა, მასთან დაკავშირებული ხარჯები როკფელერის ცენტრისთვის რამდენიმე მილიონ დოლარს უახლოვდება. სადღესასწაულო სეზონის დასრულების შემდეგ, ხე იჭრება, შეშა კი საქველმოქმედო ორგანიზაცია Habitat for Humanity-ს გადაეცემა.

როკფელერის ხის ტრადიცია 1933 წლის დეკემბრიდან იწყება, როდესაც სავაჭრო კომპლექსის თანამშრომლებმა ნაძვის ხის საყიდლად ფული შეაგროვეს და 6-მეტრიანი ამერიკული სოჭი ხელნაკეთი მოსართავებით მორთეს. დიდი დეპრესიის პიკში როკფელერის ნაძვის ხე იმედის სიმბოლოდ იქცა. ორი წლის შემდეგ კი როკფელერის ცენტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეეცდებოდა ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ყოველწლიურ საყოველთაო ტრადიციად ექცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები