საინტერესოა, რა უჯდება საქართველოს საარჩევნო მარათონი? არჩევნები კი ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ წელს არის, ხან დაგეგმილი და ხან დაუგეგმავი. გადავხედოთ სტატისტიკას და ვნახავთ, რომ ყოველ წელს საქართველოში არჩევნების ჩატარება ძვირდება. 2012 წლის საპარალამენტო არჩევნები საქართველოს თითქმის 28 მილიონი ლარი დაუჯდა, წლიდან წლამდე ეს რიცხვი მზარდია, გამონაკლისებია მხოლოდ 2015 და 2019 წლები, როცა ქვეყანაში მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა. ყველაზე ძვირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ჯერჯერობით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დაუჯდა, დაახლოებით 51 მილიონი ლარი. სადაც როგორც გვახსოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში აირჩია საქართველოს მოსახლეობამ. მიმდინარე წლის არჩევნებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, 20-მდე მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა იქნება საჭირო. მთლიანობაში კი წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 74 მილიონი ლარია, აქედან 32-მდე მიილონი ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. აქვე არის შეყვანილი თავად არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების თანხა.