თბილისში რიყეზე მდებარე “მშვიდობის” ხიდი წლებია ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. ნაგებობის მოვლა-პატრონობა თბილისის მერიას ევალება.
2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობის მომსახურებისთვის წლიურად 350 000 ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტში არ არის დეტალურად ჩაშლილი რა იგულისხმება მოვლა-პატრონობაში და აქ საუბარია ნაგებობის მხოლოდ დასუფთავებაზე თუ 350 ათასი ლარი სხვა სერვისსაც გულისხმობს.
„მშვიდობის ხიდი“ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში აშენდა. ხიდი 2010 წლის 6 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის არქიტექტორია იტალიელი მიკელე და ლუკი (შსს-ს ახალი შენობისა და პრეზიდენტის სასახლის პროექტების ავტორი), ხოლო განათების დიზაინერი – ფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე, შსს-ს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი).
ოფიციალური ინფორმაციით, ხიდის საერთო ღირებულებამ 12.5 მლნ ლარი შეადგინა. ხიდის ასაგებად ფული თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო. მშენებლობას იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“ აწარმოებდა.