როგორ იმართება აშშ-ში პანდემია? როგორია ვაქცინაციის დონე? რა უნდა გააკეთოს საქართველომ, ტურიზმის სექტორის გამოსაცოცლებლად? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რაც “Forbes კვირამ” აშშ-ში trip.com-ის მარკეტ-მენეჯერს გივი ბიწაძეს დაუსვა. ბიწაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური, თუ ტურისტული პროცესების წინსვლისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია აუცილებელია.
კომპანიის შესახებ, სადაც ახლა მუშაობთ, მეტი დეტალის მოსმენა თქვენგან საინტერესო იქნება. დასაწყისისთვის გვითხარით, რას საქმიანობს trip.com?
trip.com არის მსოფლიოში სიდიდით მეორე ონლაინ ტურისტული სააგენტო. მან მოღვაწეობა ჩინეთში 1999 წელს დაიწყო, ამ კვირაში 22 წელი შეუსრულდა. 2015 წელს აშშ-ს ბაზარზე საკუთარი ოფისით შემოვიდა. ოფისები აშშ-ში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკშია განთავსებული. ამჟამად ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ. კომპანია თითქმის ყველა ტურისტულ სეგმენტს, მათ შორის ავიაბილეთების გაყიდვასაც მოიცავს.
საინტერესოა, როგორია თქვენი როლი trip.com-ის განვითარებაში?
მე და ჩემი გუნდი აშშ-ში სასტუმროებს ვეხმარებით იმაში, რომ ბაზრებზე თავისი წილი ტურისტების მოპოვება შეძლონ. ძირითადად აზიის, მათ შორის დიდი დოზით ჩინეთის ბაზარზე ვმუშაობთ. პირადად მე პასუხისმგებელი 7 სხვადასხვა შტატზე ვარ. მათ შორისაა - ბოსტონი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი.
ბაზარი, რომლის ათვისებაზეც მუშაობთ, ჩინეთია, რატომ არჩევთ ამ ბაზარს?
ჩინეთის ბაზარი ძალიან მომგებიანი და საინტერესოა ბევრი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ აშშ-სთვის. ეს ბაზარი ძალიან დიდია. მსოფლიოში ეკონომიკის ზომით მეორეა, ხოლო პირველია მოგზაურებით. 2018 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან საზღვარგარეთ 140 მლნ ადამიანი გავიდა. ჯამში ისინი 260 მლრდ-ს ხარჯავენ. აქედან, ამერიკაში $122 მლნ-ს, ხოლო $81 მლნ გერმანიაში და ა.შ. ჩინეთისათვის ამერიკა პირველი მარკეტია, ჩინელების 34% აშშ-ში მოგზაურობს. წარმოიდგინეთ რამხელა მასაა და ამ მასის 1%-იც რომ მოხვდეს საქართველოში, ძალიან დიდი შემოსავალი იქნება. მათთვის აშშ-ში მნიშვნელოვანია ნიუ-იორკი, ლოს-ანგელესი და ლას-ვეგასი. მათ არა მხოლოდ აზარტული თამაშების ინტერესი აქვთ, არამედ ისეთი ადგილებისაც, სადაც უნივერსიტეტებია.
პანდემია და ტურიზმი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო თემა, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში იშლება. ვაქცინაციის პარალელურად როგორ იხსნება საზღვრები, რა ხდება აშშ-ში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით და როდის ვარაუდობენ ძველ ნიშნულზე დაბრუნებას?
კრიზისის პერიოდში ტურიზმი ყოველთვის პირველი ზარალდება და სამწუხაროდ ბოლოა, რომელიც აღდგენას ახდენს. აშშ შიდა ტურიზმზეა დამოკიდებული. ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ვაქცინაციის დონე მაღალია. ზრდასრული მოსახლეობის 70% უკვე აცრილია,11 წლის ზევით მოსახლეობის აცრა დაწყებულია და სულ მალე 5 წელს ზევით ბავშვების აცრაც დაიწყება, რაც სკოლებს და მოგზაურობას უსაფრთხოს გახდის. ავიაკომპანიებმაც თავისი სოციალური პასუხისმგებლობა აიღეს. ისინი ყველა თანამშრომელს სთხოვენ, რომ ვაქცინირებულები იყვნენ. რომელიმე ავიაკომპანიის საიტზე რომ შეხვიდეთ და სამსახურს ეძებდეთ დიდი ასოებით წერია, რომ ვაქცინირებული უნდა იყოთ. შესაბამისად, ამერიკას ტურიზმის აღდგენა არ გაუჭირდება, თუმცა იქაური ექსპერტები 2024 წლამდე ტურიზმის აღდგენას მაინც არ ვარაუდობენ. იმიტომ, რომ ამერიკა ბიზნესმოგზაურებზე იყო დამოკიდებული, რადგან ისინი უფრო მეტს ხარჯავდნენ, ხოლო ახლა ეს სეგმენტი საგრძნობლად შემცირებულია.
ამ ყველაფრის პარალელურად რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, აქ როგორ გესახებათ ტურიზმის მიმართულებით მდგომარეობის შეცვლა, რომელზეც ასე დამოკიდებულები აღმოვჩნდით?
წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენა სწრაფად შეუძლია, თუმცა აღგენა ინდვიდუალური დამსვენებლების ხარჯზეა შესაძლებელი. ზაფხულის მაღალ სეზონზე თბილისის სასტუმროები საკმაოდ დატვირთული იყო. რაც შეეხება შედარებით დაბალ სეზონს, რაც ჯგუფური ტურიზმის პერიოდია, ჩემი პირადი დაკვირვებით სამწუხაროდ გაგვიჭირდება. შეზღუდვები მოქმედებს და აფერხებს დიდი ჯგუფების შემოყვანას, მაშინ, როდესაც ერთჯერადად ჯგუფურად 200-300 ადამინის შემოყვანაა შესაძლებელი. რეგულაციების შემსუბუქება აუცილებელია, ხოლო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. თუნდაც საჯარო სექტორის ვაქცინაციის ვალდებულების აღება უნდა მოხდეს, რაც ვაქცინაციის დონის ზრდას დაეხმარება. ქვეყანა უსაფრთხო გახდება და მეტ სტუმარსაც მივიღებთ.
ავიახაზებზე საუბრისას როგორია ამერიკული გამოცდილება და საქართველოში როგორ შეიძლება ამის გადმოტანა?
აშშ-ს მთავრობა იმ ამერიკულ ავიაკომპანიებს, ვისაც პანდემიის დროს გაუჭირდა, დაეხმარა. ეს იყო სესხი, რომელიც რამდენიმე კომპანიამ უკვე მთავრობას უკან დაუბრუნა. მესამე კვარტალში ავიაკომპანია “დელტამ” უკვე მოგება აჩვენა. რაც შეეხება საქართველოს, მას ერთადერთი ავიაკომპანია ჰყავს და სამწუხაროდ ქვეყანა ძირითადად შემოსულ ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული. პანდემიის დროს “ლუფთჰანზა” და “ყატარის ავიახაზები” იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და მათი მადლობლები უნდა ვიყოთ.
ტურიზმის აღდგენის დროს, კონკრეტულად რაშია გამოსავალი, საქართველომ რა სახის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას? და ასევე საინტერესოა კადრების დეფიციტის პრობლემა, საქართველოს მსგავსად რამდენად დგას ამერიკაში?
ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, აუცილებელია ვაქცინაციის ვალდებულება და თუ ეს პროცესი საჯარო სექტორში დაიწყება, მას კერძო სექტორიც აუცილებლად აჰყვება. საჯარო სექტორმა კერძო სექტორს მაგალითი უნდა მისცეს. თუმცა, სავალდებულო ვაქცინაცია კადრების მოძიების პროცესს კიდევ უფრო გაართულებს. კადრების მოძიება არა მარტო საქართველოში, აშშ-შიც ძალიან გართულებულია, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.
აშშ ეძებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სუნთქავს და მუშაობა შეუძლია. ამერიკის მაგალითზე ყოველი მეათე დასაქმებული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში იყო, თუმცა დღეს სასტუმროები და რესტორნები ვერ იხსნებიან, რადგან კადრებს ვერ პოულობენ. გასულ კვირას დენვერის აეროპორტში დასაქმების ფორუმი გამოცხადდა, დაახლოებით 5 000 ადამიანს ელოდებოდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ადამიანი გამოცხადდა. მიზეზი კი ისაა, რომ არავის უნდა დაბალშემოსავლიან სამსახურში იმუშაოს, რომელსაც ავიაკომპანიები, საკვები ობიექტები თუ სასტუმროები სთავაზობენ.