მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს ტაკერ კარლსონმა და ვლადიმირ პუტინმა?

კარლსონი - პუტინი

9 თებერვლის ღამით, ერთბაშად ორ სოციალურ ქსელზე - X-სა და YouTube-ზე ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც, რესპონდენტის რანგში - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გვევლინება. ეს ინტერვიუ, რომელიც კრემლში ჩაიწერა, უმეტესწილად, რუსეთ-უკრაინის ომს ეხება და პირველ შემთხვევას წარმოადგენს 2021 წლიდან, როცა ვლადიმირ პუტინი ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუს დათანხმდა.

როგორც რუსეთის ფედერაციის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ინტერვიუს ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონის პერსონის გამო თანახმდა, რადგან მისი ხედვები, როგორც კრემლში ამბობენ, “არც პრო-რუსულია და არც პრო-უკრაინული, არამედ - პრო-ამერიკულია”. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს რეპლიკა, საკამათოა, რადგან Fox News-იდან გაშვების შემდეგ, ტაკერ კარლსონი ამერიკაში კიდევ უფრო მაპოლარიზებელ ფიგურად იქცა, რომელსაც აკრიტიკებენ არამხოლოდ დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც.

თუმცა ახლა, მთავარია ინტერვიუ და არა ტაკერ კარლსონის პერსონა, რომელზედაც სხვა დროს მოგიყვებით. ინტერვიუ კი, ძალიან გრძელი გამოდგა. კარსლონმა და პუტინმა ორ საათზე მეტი ხანი ილაპარაკეს, საუბრის მთავარი თემა - რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რომელშიც, როგორც პუტინმა თქვა, რუსეთს საკუთარი მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევია.

პირველი ოცი წუთის განმავლობაში, საუბარი წარიმართა არა დიალოგის ფორმატში, რაც ინტერვიუსთვის არის დამახასიათებელი, არამედ - მონოლოგის, რომელშიც, მთავარი როლი, ცხადია, ვლადიმირ პუტინს ერგო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თხრობა მე-9 საუკუნით დაიწყო და რუსეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გრძელი ისტორია მოჰყვა, რომლის მთავარი არსი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იმის თქმა იყო, რომ უკრაინა იოსებ სტალინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, რომელიც რუსულ, უნგრულ, პოლონურ და რუმინულ მიწებს აერთიანებს.

ამ რეპლიკის საპასუხოდ, ტაკერ კარლსონმა იკითხა, აქვს თუ არა უნგრეთს უფლება, უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლი მოითხოვოს, ხოლო ქვეყნები 1654 წლის საზღვრებს დაუბრუნდნენ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა “გასაგები” იქნებოდა.

"კარლსონი: გჯერათ თუ არა, რომ უნგრეთს აქვს უფლება, უკრაინისგან მისი ტერიტორიები დაიბრუნოს, ხოლო სხვა ქვეყნები 1654 წლის საზღვრებს დაუბრუნდნენ?

პუტინი: არ ვიცი, უნდა დაუბრუნდნენ თუ არა ისინი 1654 წლის საზღვრებს, მაგრამ სტალინის დროს, ე.წ. “სტალინის რეჟიმი”, ბევრის აზრით, ხშირად არღვევდა ადამიანისა და სახელმწიფოთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამ კონტექსტში, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ მათ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვთ. ეს, სულ მცირე, გასაგები იქნება.

კარლსონი: გითქვამთ ვიქტორ ორბანისთვის, რომ მას უკრაინის ნაწილის მისაკუთრება შეუძლია?

პუტინი: არასდროს მითქვამს - არასდროს. ამ თემაზე არასდროს გვილაპარაკია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ იქ მცხოვრებ უნგრელებს სურთ, საკუთარ მიწას დაუბრუნდნენ".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტაკერ კარლსონისა და ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთის ისტორიის განხილვას დაეთმო, რა დროსაც, ცხადია, რუსეთის პრეზიდენტმა გასული საუკუნის 90-იან წლებზე, იუგოსლავიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საბჭოთა კავშირის დაშლაზე და რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობაზეც ისაუბრა. ვლადიმირ პუტინმა მისი გაპრეზიდენტებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტისგან, უარი მიიღო.

"პუტინი: 2000 წელს, პრეზიდენტი გავხდი, ვიფიქრე, რომ იუგოსლავიის საკითხი დასრულებული იყო, მაგრამ ურთიერთობების გამოსწორება უნდა გვეცადა - ის კარგი უნდა გაგვეღო, რომელშიც რუსეთს სურდა შესულიყო. ეს საჯაროდაც კი განვაცხადე. აი, აქ, გვერდითა ოთახში, პრეზიდენტ კლინტონს შევხვდი და ვკითხე, რა მოხდებოდა, რუსეთს NATO-ში გაწევრიანების საკითხი რომ დაეყენებინა. მიპასუხა, ეს საინტერესოა და ვფიქრობ, მიგიღედბნენო. თუმცა მოგვიანებით, როცა სავახშმოდ შევიკრიბეთ, მითხრა, ჩემს გუნდს ველაპარაკე და ახლა ეს შეუძლებელი იქნებაო. შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ. ვფიქრობ, ჩვენს ინტერვიუს ნახავს და დაადასტურებს კიდეც. ასეთ რამეს არ ვიტყოდი, მართლა რომ არ მომხდარიყო.

კარლსონი: ალალი იყავით? მართლა გაწევრიანდებოდით NATO-ში?

პუტინი: ვიკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა და პასუხად “არა” მივიღე. ალალი რომ არ ვყოფილიყავი, რატომ ვიკითხავდი…

კარსლონი: “კი” რომ ეთქვა, NATO-ში გაწევრიანდებოდით?

პუტინი: “კი”, რომ ეთქვა, ოფიციალური პროცესი დაიწყებოდა და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ეს მართლაც მომხდარიყო - თუ, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ალალ სურვილს ვიგრძნობდით. თუმცა, ეს არ მომხდარა, ხოლო “არა” - ნიშნავს “არას”.

ტაკერ კარლსონმა და ვლადიმირ პუტინმა, ცხადია, ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზეც - მეტიც, ეს კონფლიქტი ინტერვიუს მთავარი ნარატივი იყო. როგორც პუტინი ამბობს, ეს ომი 2022 წელს არ დაწყებულა, რადგან ის, რაც რუსეთს სურს, 2014 წელს უკრაინის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაწყებული ომის დასრულებაა, ხოლო მისი მთავარი მიზანი, რომელიც უკრაინის ე.წ. “დენაციფიკაციას” გულისხმობს, ჯერ არ დასრულებულა.

"ჩვენი მიზნებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, რადგან ერთ-ერთი მათგანი - დენაციფიკაციაა, რაც ყველანაირი ნეონაცისტური მოძრაობების აკრძალვას გულისხმობს. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც გასული წლის დასაწყისში, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ. ეს არ მომხდარა ჩვენი ინიციატივით - ევროპელებმა გვითხრეს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მითხრეს, როგორ წარმოგიდგენია, რომ საზავო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, როცა თავთან იარაღი აქვთ მიბჯენილი? მითხრეს, კიევიდან ჯარები უნდა გაიყვანოო, რასაც დავთანხმდი, მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, უკრაინულმა მხარემ სანაგვეზე მოისროლა ყველაფერი ის, რაზედაც სტამბოლში შევთანხმდით და ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი სატელიტების დახმარებით გრძელვადიანი კონფლიქტისთვის მზადება დაიწყო. დღეს, ეს მდგომარეობა გვაქვს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ტაკერ კარლსონმა და ვლადიმირ პუტინმა მაკროეკონომიკაზე და სანქციებზეც ილაპარაკეს, რომლებიც, როგორც პუტინი ამბობს, არ მუშაობს, რადგან რუსეთზე მათ გავლენა არ აქვთ. თავად ეს რეპლიკა, გარკვეულწილად, სიმართლეცაა, რადგან რუსეთი, რომლის საბიუჯეტო შემოსავლის თითქმის 60% - ენერგორესურსების ექსპორტზე მოდის, სანქციების ფონზე ჩინეთზე და ინდოეთზე გადაერთო, რომლებიც იმდენ ნავთობს ყიდულობენ, რამდენიც არასდროს უყიდიათ. კი, მართალია, ფასი შემცირებულია, მაგრამ, ჯამურად, თანხა საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს, თანაც ხანგრძლივად.

თუმცა სანქციებთან ერთად, ტაკერ კარლსონმა და ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოს ნომერ პირველ ვალუტაზე - ამერიკულ დოლარზეც ისაუბრეს, რომელსაც, როგორც პუტინი ამბობს, ამერიკა საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებს და $33-ტრილიონიანი საგარეო ვალი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს აქვს, პუტინის თქმით, სწორედ ამის დასტურია.

"დოლარის საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოდ გამოყენება ერთ-ერთი უდიდესი სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაუშვა. დოლარი ამერიკის სიძლიერის ქვაკუთხედია და ყველას ესმის, რომ რამდენი დოლარიც არ უნდა დაბეჭდო, ისინი მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოიფანტება. ინფლაცია აშშ-ში მინიმალურია და 3%-ს შეადგენს, რაც ჩემი აზრით, ამერიკისთვის სავსებით მისაღებია, მაგრამ რაზე მიგვანიშნებს $33-ტრილიონიანი საგარეო ვალი - ფულის მიწოდებაზე, ცხადია. დოლარს, ამერიკა პლანეტაზე მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს, რაც სულელური გადაწყვეტილება და ძალიან დიდი შეცდომაა.

ვნახოთ, რა ხდება მსოფლიოში: დოლარის რეზერვებს ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებიც კი ამცირებენ - ისინი საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ. თავად ის ფაქტი კი, რომ ამერიკა კონკრეტულ ფინანსურ სახელმწიფოებს შეზღუდვებს უწესებს დამაფიქრებელია და მთელი მსოფლიოსთვის სიგნალს წარმოადგენს", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან საუბრისას.

ტაკერ კარლსონისა და ვლადიმირ პუტინის ორსაათიანი ინტერვიუს სრულად გადმოცემა, ასეთ მოკლე დროში, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი სატელევიზიო გამოჩენაა დასავლელ ჟურნალისტთან 2021 წლის შემდეგ, მასთან მობრუნება, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები