მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა უკრაინაში დიდი სტრატეგიული მარცხი იწვნია - ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მესამე დღეს, დავოსში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიმართვა შედგა, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პირველმა დიპლომატმა ფართოდ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. ენტონი ბლინკენის შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუტინმა მიიღო ყველაფერი ის, რისგანაც საკუთარი თავის დაცვა სურდა.

“ახლაც კი ნათელია, რომ პუტინმა ვერაფერი შეასრულა, რაც სურდა - პუტინმა თქვა, რომ უკრაინის რუკიდან ამოშლა და რუსეთისთვის მიერთება სურდა, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა და დღის შუქს ვერც ვერასდროს ნახავს”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ “ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში დიდი სტრატეგიული მარცხი იწვნია, თანაც მრავალი მიმართულებით. ამ ეტაპზე, რუსეთი უფრო სუსტია, როგორც სამხედრო კუთხით, ასევე ეკონომიკურად და დიპლომატიურად. ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება აღმოფხვრა. უკრაინელები იმაზე მეტად შეკრულები არიან, ვიდრე არასდროს, ხოლო ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი უფრო მძლავრი და დიდია და მომდევნო კვირებში, კიდევ უფრო გაფართოვდება”.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პათოსის განცხადება დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმაც გაავრცელა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა, რის გამოც ჩინეთზე გახდა დამოკიდებული, რაც, მისი თქმით, დიდი სტრატეგიული მარცხია.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები