მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა? - ბლოგი

619e029ebd0df
BM.GE
24.11.21 21:00
1035
ბიზნესის მართვისთვის მის დამფუძნებლებს არაერთი თვისება სჭირდებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - მუდმივი განვითარების სურვილია, რომელიც საკუთარი საქმის სიყვარულიდან მოდის. სტარტაპ Caru-ს საქართველოში უკვე ათასობით ადამიანი იცნობს. მისმა დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ 5-ჯერ უარის მიღების შემდეგ მაინც მოახერხა და GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, რის შედეგადაც საკუთარ კომპანიას 300,000 ლარის ინვესტიცია მოუტანა. Caru-მ მოახერხა და პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად მიღებული შეკვეთების რაოდენობა გააორმაგა. ამიტომ სწორედ მის დამფუძნებელს, ნიკა აბაშიძეს ვკითხეთ თუ რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ.

- პირველ რიგში, რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

- არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ბიზნესს საქართველოში აკეთებს თუ საერთაშორისო ბაზარზე, მას პირველ რიგში უნდა ესმოდეს რა არის ბიზნესი და რამდენად სურს თავად ამ ყველაფრის გაკეთება.

- რა არასწორი წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ბიზნესზე?

- ხშირად სტარტაპერები ფიქრობენ, რომ ბიზნესის კეთება ჩვეულებრივი სამსახურია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბიზნესის მფლობელი შენ ხარ და უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს. სინამდვილეში, ბიზნესის კეთება რადიკალურად განსხვავდება კომპანიაში მუშაობისგან. ეს პროცესი საკუთარი თავისთვის მეტი მოტივაციის მიცემას ნიშნავს, ასევე ხედვის განსაზღვრას, რისკის აღებას, ნერვიულობას, უძილო ღამეებს და ა.შ. სინამდვილეში, ბიზნესის კეთებას ბევრი რთულად გასამკლავებელი ემოცია მოსდევს და ყოველდღიურ რუტინას მხოლოდ პოზიტიურ შეგრძნებებთან კავშირი არ აქვს.

- მაშინ, რატომ არიან ადამიანები ბიზნესში? რა არის მათი მოტივაცია?

- ალბათ, სხვადასხვა ინტერესები ამოძრავებთ, შემოსავლების მიღება უნდათ და მზად არიან, ამ ყველაფერს გაუძლონ. ვფიქრობ, თუ ბიზნესს აკეთებ სტრესის გაძლებაც უნდა შეგეძლოს, თუ ამას ვერ ახერხებ, უნდა იცოდე მაინც, რომ ზეწოლას ვერ უძლებ.

- როდესაც დამწყებ ბიზნესებს რაიმე იდეა უჩნდებათ, პირველი რას უნდა მიაქციონ ყურადღება. როგორ უნდა გაფილტრონ მათი აზრები, რომ მიზანს მიაღწიონ?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დასვან საჭირო კითხვები, რომელიც იდეის გარშემო გაუჩნდებათ. უნდა აღმოაჩინონ თუ რას ვერ ხვდებიან და რა არის მათი სუსტი მხარეები. შეიძლება სტარტაპერმა თავდაპირველად ბევრი რამ ვერ განსაზღვროს და პროგნოზი ვერ გააკეთოს, ამისთვის აუცილებელია კომპეტენტურ ადამიანებს კითხოს აზრი. შესაძლოა, მოსმენილი აზრების უმრავლესობა უბრალოდ „სისულელე“ იყოს, თუმცა ბიზნესის კეთება თუ გინდათ, მოსმენილი აზრების გაფილტვრაც უნდა შეგეძლოთ.

- როდესაც კრიზისი დგება, რა უნდა იყოს მენეჯერის პირველი ნაბიჯები?

- კითხოს იმ ადამიანს აზრი, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ დროს შესაბამისი კითხვის დასმაა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ბიზნესის მეპატრონეს მაინც თავად უწევს გადაწყვეტილების მიღება.

- რაც შეეხება ტექნოლოგიების როლს, რამდენად აუცილებელია მათი ინტეგრაცია ბიზნეს პროცესებში?

- თუ ბიზნეს იდეების 99% ტექნოლოგიებზე არ იქნება დაფუძნებული, უბრალოდ მოკვდება. შენ თუ არ გამოიყენებ თანამედროვე ინოვაციებს და მიდგომებს, ამას შენი კონკურენტი იზამს, კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებს და საბოლოოდ გაჯობებს.

- თავად Caru-მ როგორ დაძლია კრიზისი?

- მომხმარებლების რაოდენობა გავაორმაგეთ. ახლა ყოველთვე იმაზე ორჯერ მეტი შეკვეთა გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომსახურების გაწევა დისტანციურად შეგვეძლო. ხელოსნების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა, რადგან მომხმარებელთან ფიზიკური კონტაქტი აღარ შეეძლო, ჩვენ კი ეს ცვლილება არ შეგვხებია.

- თუ არის დღეს კონკრეტული სექტორი, სადაც ბევრია გასაკეთებელი და მას სტარტაპერებმა ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ

- ვფიქრობ, შესაძლებლობის პოვნა ყველგან შეიძლება. მე პირადად, ტრენდების არ მჯერა. ახლა ბევრი საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, მის შესაძლებლობებზე და ა.შ. თუმცა, ეს მხოლოდ ტრენდია, რომელსაც უამრავი ადამიანი მიყვება და შენთვის ადგილი ფაქტობრივად აღარ რჩება. რაზეც ადამიანები არ ლაპარაკობენ, ხშირად, იქაა ყველაზე მეტი შესაძლებლობა. არ არის აუცილებელი ტრენდებს თვალი ადევნო, თავისუფლად შეიძლება ადამიანები მარცხნივ მიდიოდნენ და შენ მარჯვნივ წახვიდე, შეიძლება სწორედ იქ იყოს შენი წარმატება.

Caru-ს მსგავსად თუკი შენც გჯერა ამის, გაქვს იდეა და გინდა საკუთარი ბიზნესი დაიწყო, საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება დაგაინტერესებს. მეტი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://bit.ly/3F5kZt7

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები