მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა უნდა იყოს ბარათით გადახდისას საკომისიო - თურნავა აცხადებს, რომ პარლამენტში შესულ კანონპროექტზე ბანკებთან იმუშავებენ

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პარლამენტში შესულ ინიციატივაზე, რაც საბანკო ბარათით მაქსიმუმ 0.5%-ის საკომისიოს დაწესებას ითვალისწინებს ბანკებთან კომუნიკაცია ექნებათ.

სექტემბერში ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ბანკებს უკრძალავს ბარათის მომსახურების საკომისიოს ტრანზაქციის ღირებულების 0.5%-ზე მაღლა დაწესებას. ეს კი თავის მხრივ არსებულ საკომისიოებთან (1-2%) მნიშვნელოვნად ნაკლებია. ნათია თურნავა აღნიშნავს რომ საბანკო ბარათებით გადახდის ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინიც იქნებიან ჩართული ბანკებთან კომუნიკაციაში. თურნავას თქმით ეროვნული ბანკი მხარს უჭერს რეგულირების სწორი მოდელის მოძებნას, რაც მათ შორის ევროპული გამოცდილების გაზიარებაში შეიძლება მდგომარეობდეს.

"ეს საპარლამენტო ინიციატივა ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. რასაკვირველია, მიმდინარეობს კიდევაც და მომავალშიც შედგება კონსულტაციები საფინანსო სექტორთან, ასოციაციასთან და კონკრეტულ ბანკებთანაც. ჩვენ ჩართულები ვართ, რასაკვირველია, იმიტომ, რომ ეს ეხება საფინანსო სექტორს და უნდა კარგად გავთვალოთ ამის გავლენა, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, რომ ეს არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ეს ინფრასტრუქტურა ეხება მთლიანად ჩვენს ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან კარგი მოდელები ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც, როგორ ხდება ამის რეგულირება და ვფიქრობთ, რომ რეგულირების სწორი მოდელი იქნება შერჩეული საბოლოო ჯამში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი მატუა ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა და მას შემდეგ რაც ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება, საბანკო ასოციაცია მას სებ-ს და პარლამენტს წარუდგენს.

"ჩვენ ვართ საბანკო ასოციაციის წევრები. ასოციაციას შეჯამებული აქვს ბანკების პოზიცია, განიხილავს ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთანაც. ერთიანი პოზიციას ალბათ უფრო საბანკო ასოციაცია გეტყვით.
არის განსხვავებული მოსაზრებები და შესაბამისად, სანამ საერთო მოსაზრება არ იქნება ჩამოყალიბებული, მანამდე მე ჩემს პოზიციას ალბათ ვერ დავაფიქსირებ. ზოგადად მსჯელობა არის, რომ პოზიციები შეჯერდეს და იყოს დაფიქსირებული, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პარლამენტში",- ამბობს მატუა.

ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან 0.5%-ზე გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1-2 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები