მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა შეიცვალოს უმაღლეს განათლებაში?

საქართველოს განათლების სისტემას მორიგი ახალი მინისტრი ჰყავს. ალექსანდრე წულაძე, რომელიც მინისტრის პოსტს მხოლოდ 9 თვე იკავებდა, თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო განცხადების შინაარსი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. რაოდენ ხმამაღალიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ტექსტში ეწერა, რომ მინისტრობის პერიოდში განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დაიწყო მუშაობა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მინისტრი მის დაწყებულ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, ის გივი მიქანაძეა, რომელიც დაწინაურებამდე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მის უფრო წინარე სამუშაო გამოცდილებას თუ ჩავხედავთ ვნახავთ, რომ 2004 - 2005 წლებში ის მონაწილეობდა ციხის რეფორმის განხორციელებაში, ამავე პერიოდში ის იყო „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადების“ პროექტის დირექტორი, რომელსაც ეუთო ახორციელებდა.

უკვე ამის შემდეგ 2005 - 2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახლდათ. მეტი სიზუსტისთვის კი შეგახსენებთ, რომ იმჟამად იუსტიციის მინისტრები იყვნენ ეკა ტყეშელაშვილი, ნიკა გვარამია და ზურაბ ადეიშვილი.

2009 წელს თბილისის მერიაში, აგლომერაციის განვითარების სააგენტოში იყო უფროსის მოადგილე, 2010 - 2013 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის ოფიცერი;

2015 - 2016 წლებში ევროპის საბჭოში, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტში, პროექტის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 2016 - 2018 წლებში ს საქართველოს შსს აკადემიის რექტორი იყო და მას შემდეგ ჯერ თსუს და შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მიქანაძეს 1999 წელს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2009 წელს კი სამართლის მაგისტრი ესექსის უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში დაიცვა.

ოცნების განათლების მინისტრების მოკლე ექსკურსიც რომ გავაკეთოთ, ეს უწყება რეკორდსმენია ცვლილებების მხრივ. ჯამში 8 მინისტრი გამოიცვალა.

პირველი მინისტრი იყო გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 1 წლის შემდეგ თამარ სანიკიძემ ჩაანაცვლა. სხვათა შორის სანიკიძე სექტორს ყველაზე დიდხანს -2013-დან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. მომდევნო იყო ალექსანდრე ჯეჯელავა, ასევე 1 წლიანი ვადით. შემდეგი იყო მიხეილ ჩხენკელი, პირველ ჯერზე 8 თვით, რომელიც მიხეილ ბატიაშვილმა შეცვალა. ბატიაშვილის უწყება 1.4 წლით ჰქონდა ჩაბარებული. 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე განათლების მინისტრობა ისევ ჩხენკელმა იტვირთა, რომელიც გიორგი ამილახვარმა ჩაანაცვლა. 6თვის შემდეგ ამილახვარიც მოხსნეს და წინასაარჩევნოდ პოსტი ალექსანდრე წულაძეს გადააბარეს. სულ ბოლო განახლება კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და როგორც მოგახსენეთ ახალი მინისტრი გივი მიქანაძეა.

მინისტრის დიდი ნაწილის გაცხადებული პოზიცია იყო სისტემაში რეფორმების გატარება რომელიც განათლების ხარისხს გააუმჯობესებდა, მათ შორის საუბრები აქტიურად ისმოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შეცვლაზეც, რომელიც დღეს დაიწყო.

უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველები ამ ფორმით გამოცდებს უკვე 21 წელია აბარებენ. არადა 2005 წელს მისი შემოღების მთავარი მიზანი გამჭვირვალობაზე დაფუძნებული დროებითი სისტემის შექმნით, უნი-ში არსებული კორუფციის აღმოფხვრა იყო. პროცესის გაგრძელების შემდეგი ნაბიჯი კი ჯერ კიდევ 2012 წელს გამოცდების სკოლებში გადმოტანა უნდა ყოფილიყო. რამდენად პასუხობს ეროვნული გამოცდები დღეს არსებულ ცოდნის შეფასებას და რა უნდა შეიცვალოს უმაღლეს განათლებაში?

სტუმრები: სიმონ ჯანაშია - განათლების მკვლევარი;

ქეთი ცოტნიაშვილი - უმაღლესი განათლების ექსპერტი;

კოკა თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები