საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, "ოცნების მთავრობის" პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: ბიზნეს კლიმატის ინდექსის წარდგენა და ღია დიალოგი ბიზნესსა და მთავრობას შორის.
ვეფხვაძე ამბობს, რომ შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა ღია დიალოგის ფორმატში, რა დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და ისაუბრეს სხვადასხვა სექტორში არსებულ პრობლემებზე - დაწყებული ბიუროკრატიული წინაღობებით და შრომითი საკითხებით, დამთავრებული ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების პერსპექტივებით.
"ორი მთავარი მდგენელი აქვს ამ შეხვედრას - ერთი არის ბიზნესის პოზიციის მოსმენა, გაზიარება, მათ შორის, გაერთიანებული აზრი, რომელიც კონცენტრირებულია და შეთავაზებულია დღეს პრეზენტაციის სახით. ეს არის ჩვენი ბიზნეს კლიმატის ინდექსი, სადაც არის როგორც პოზიტიურ მიმდინარეობაზე და ტრენდებზე საუბარი, ასევე გამოწვევებზე. მეორე ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე ძალიან უშუალო და ღია დიალოგი ბიზნესსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იყო დასმული კითხვები. დაახლოებით საათნახევარს გრძელდებოდა ეს დიალოგი, თქვენ თვითონ ნახეთ. შესაბამისად, ყველა ის თემა, სექტორი, ინდუსტრია, დაწყებული ბიუროკრატიული წინაღობებიდან, რომელიც შეიძლება ბიზნესს ჰქონდეს, დამთავრებული პერსპექტივებიდან, მაკროეკონომიკური და ასე შემდეგ, ქვეყნის განვითარების, ყველა ეს კითხვა დაისვა და შესაბამისი პასუხი გაეცა", - ამბობს ვეფხვაძე.
ვეფხვაძის ინფორმაციით, ბიზნეს ინდექსმა აჩვენა, რომ ბოლო კვარტალში ობიექტური ზრდა დაფიქსირდა, რაც გამოიხატა კომპანიების ბრუნვის, დასაქმებულთა რაოდენობის და საინვესტიციო აქტივობის ზრდაში. თუმცა ამავე კვლევამ გამოავლინა გამოწვევებიც, კერძოდ, ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების ზრდა. ვეფხვაძის თქმით, ამ საკითხზე პრემიერთან ღია და გულახდილი საუბარი გაიმართა. კობახიძის მხრიდან იყო დაპირება, რომ ყველა ბარიერი, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, გადაიხედება.
"რაც შეეხება პოზიტივზე, ამ შემთხვევაში ბიზნეს ინდექსმა კარგად აჩვენა, რომ ბოლო კვარტალი იყო ობიექტურად ზრდა და შესაბამისად, ეს ზრდა, ინდექსის ზრდა, გამოსახულია კომპანიების ბრუნვის ზრდაში, დასაქმებულების ზრდაში და ასე შემდეგ. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსი, საინვესტიციო აქტივობა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზრდას ჩვენ სამივე ძირითადი მიმართულებით ვხედავთ. ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. თუმცა გამოწვევების ნაწილში ჩვენ ვნახეთ, რომ ცოტათი აწეული არის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები და ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივია იქნება მოხსნილი", - განაცხადა ვეფხვაძემ.
კითხვაზე, კიდევ რას შეეხო ბიზნეს სექტორის კითხვები ვეფხვაძე ამბობს:
"ყველა მიმართულებაზე იყო საუბარი და ძალიან გულახდილად და გულწრფელად იყო პასუხი ყველა მიმართულებაზე, ჩვენი მშენებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის უძრავ ქონებასთან, სტატუსის ცვლილება... ენერგეტიკაც, მათ შორის. ძალიან გულახდილი საუბარი იყო ყველა სექტორზე, ინდუსტრიაზე, რაც შეიძლებოდა კომპანიებისგან წამოსულიყო და ძალიან გულახდილი და პირდაპირი პასუხი იყო ყველა მიმართულებით", - განაცხადა მან.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს იმასაც, რომ ინდექსში კარგად გამოჩნდა, რომ სადაც პოლიტიკური არასტაბილურობა, განწყობები ეცემოდა, "დღეს განწყობები გაზრდილია, იზრდება. შესაბამისად, ბიზნესის განწყობები".




























