თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თემურ ბოლოთაშვილის შეფასებით, ადმინისტრაციული პროცედურების კუთხით კანონმდებლობა ლიბერალურია. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, სამშენებლო ნებართვის გაცემის ვადა საშუალოდ 2-იდან 3 თვემდე განისაზღვრება.
„ადმინისტრაციული პროცედურების კუთხით, ჩვენ საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, რეგულაციები საკმაოდ მარტივი და გასაგებია. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობას, იცით, რომ ჯერ არ გვაქვს თანამედროვე ქართული ტექნიკური რეგლამენტები 100%-ით დამუშავებული. პირველი მერცხალი ამ კუთხით იყო შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები, რომელიც 2016-ში მივიღეთ.
ამას დაემატა ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა, სამომავლოდ დაგეგმილია მსგავსი რეგულაციების შემოღება. როდესაც განვითარებაზე, უსაფრთხო გარემოზე ვსაუბრობთ, თანამედროვე ტექნიკური რეგლამენტების სრული ჩამონათვალი უნდა გვქონდეს. წლიდან წლამდე შემოდის ახალ-ახალი რეგულაციები და ეს ასეც უნდა იყოს.
რაც შეეხება ვადებს, ესეც პირობითია. საშუალოდ 2-3 თვეა, თუმცა გააჩნია პროექტის სიდიდეს, შეიძლება ერთ თვეშიც გაიცეს და შეიძლება ნახევარი წელიც დასჭირდეს“, - აღნიშნა თემურ ბოლოთაშვილმა.