2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 8 632 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომელთა საერთო ფართობმა 8 654 772 კვადრატული მეტრი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა მცირედით - 0.4%-ით (35 ერთეულით) გაიზარდა, დასაპროექტებელი საერთო ფართობი კი 2%-ით (171.4 ათასი კვადრატული მეტრით) აღემატება გასული წლის 9 თვის ნიშნულს.
ნებართვებში მთავარ მიმართულებად კვლავ საცხოვრებელი უძრავი ქონება რჩება, რომლის წილიც მთლიან სამშენებლო ფართობში კიდევ უფრო გაიზარდა:
თუ 2025 წლის 9 თვეში საცხოვრებელ შენობებზე გაცემული ფართობი 6.51 მილიონ კვ.მ-ს შეადგენდა (ბაზრის 76.8%), 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 6.85 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც გაცემულ ნებართვებში მთლიანი ფართობის 79.2%-ს შეადგენს.
წლიურ ჭრილში საცხოვრებელ სეგმენტში ნებართვების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა (6 039-დან 6 259-მდე), ხოლო ფართობი - 5.25%-ით.
ნებართვების რეგიონული განაწილება
ქვეყანაში ნებადართული მთლიანი სამშენებლო ფართობის (8.65 მლნ კვ.მ) 56% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 19.2% - აჭარაზე. ჯამურად, სამშენებლო აქტივობის 3/4 ამ ორ ურბანულ ცენტრშია კონცენტრირებული.
დანარჩენ რეგიონებში სამშენებლო ნებართვების განაწილება ასე გამოიყურება:
| რეგიონი | გაცემული ნებართვები 2025 | გაცემული ნებართვები 2026 | ცვლილება | საერთო ფართობი (კვ.მ.) 2025 | საერთო ფართობი (კვ.მ.) 2026 | ცვლილება |
| ქ. თბილისი | 3 891 | 4 150 | +6.7% | 4 553 989 | 4 842 958 | +6.3% |
| აჭარის არ | 578 | 676 | +17.0% | 1 445 996 | 1 659 634 | +14.8% |
| ქვემო ქართლი | 930 | 765 | -17.7% | 885 247 | 719 946 | -18.7% |
| მცხეთა-მთიანეთი | 554 | 530 | -4.3% | 166 057 | 338 913 | +104.1% |
| იმერეთი | 505 | 375 | -25.7% | 638 198 | 312 918 | -51.0% |
| კახეთი | 843 | 704 | -16.5% | 218 642 | 213 590 | -2.3% |
| შიდა ქართლი | 441 | 407 | -7.7% | 173 169 | 179 955 | +3.9% |
| სამცხე-ჯავახეთი | 312 | 349 | +11.9% | 183 876 | 142 266 | -22.6% |
| სამეგრელო-ზემო სვანეთი | 395 | 435 | +10.1% | 139 077 | 135 286 | -2.7% |
| გურია | 116 | 178 | +53.4% | 74 382 | 83 842 | +12.7% |
| რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 32 | 63 | +96.9% | 4 775 | 25 464 | +433.3% |
| საქართველო სულ | 8 597 | 8 632 | +0.4% | 8 483 408 | 8 654 772 | +2.0% |
ნებართვების დარგობრივი განაწილება
საცხოვრებელ უძრავ ქონებაში გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, სასტუმროების სექტორში ნებართვების ზრდა და ფართობის კლება დაფიქსირდა.
2026 წლის 9 თვეში სასტუმროებზე 148 ნებართვა გაიცა ჯამური 298 660 კვ.მ ფართობით, 2025 წლის 9 თვეში კი 133 ნებართვაზე 519 348 კვ.მ ფართობი მოდიოდა. შესაბამისად, ნებართვების რაოდენობა 11.3%-ით გაიზარდა, ხოლო დასაპროექტებელი ფართობის მოცულობა 42.5%-ით შემცირდა.
კლება შეეხო სავაჭრო და სამრეწველო-სასაწყობო ობიექტებსაც. სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე გაცემული ნებართვების რიცხვი 649-დან 596-მდე, ხოლო ფართობი 647 046-დან 593 291 კვ.მ-მდე შემცირდა (-8.3%).
სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში ნებართვების რაოდენობამ 536-დან 458-მდე იკლო, საერთო ფართობმა კი 362 944-დან 326 448 კვ.მ-მდე გადაინაცვლა (-10.1%).
სასწავლო დაწესებულებების მიმართულებით, ნებართვების რაოდენობის მატების მიუხედავად (39-დან 44-მდე), ფართობი 80 275-დან 60 774 კვ.მ-მდე შემცირდა (-24.3%).
ამავე პერიოდში მკვეთრი მატება აღირიცხა სპორტულ ნაგებობებსა და ავტოსადგომებზე.
სპორტული ობიექტებისა და მოედნების ნებართვების რაოდენობა 28-დან 58-მდე გაიზარდა, ფართობი კი 39 155-დან 139 498 კვადრატულ მეტრამდე (+256.3%).
ავტოსადგომებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 61-დან 45-მდე შემცირდა, თუმცა მათი საერთო ფართობი 8 180-დან 46 109 კვ.მ-მდე გაიზარდა, რაც უმეტესად თბილისზე მოდის - დედაქალაქში ავტოსადგომების ფართობმა 3 723-დან 43 291 კვ.მ-ს მიაღწია.
ზრდა დაფიქსირდა ადმინისტრაციულ შენობებშიც: გაცემულია 88 ნებართვა 78 868 კვ.მ-ზე (2025 წელს - 91 ნებართვა და 66 477 კვ.მ), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე გაცემული ფართობი 72 199-დან 73 843 კვ.მ-მდე გაიზარდა (115 ნებართვა).
























