მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადები და პროცედურები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას? - იურისტის განმარტება

იურისტი

რა ვადები და პროცედურები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვას? - ამ საკითხზე იურისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. საქმე ისაა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში და ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"1. ვვარაუდობ, რომ საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე სასამართლოს პლენუმს გადასცმენ, ანუ მას 9-ვე მოსამართლე განიხილავს;

2. სასამართლოში გასაჩივრებული კანონის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება; ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად სასამართლომ უნდა მიიღოს (ამას ისედაც იშვიათად აკეთებს და ახლა მით უმეტეს არ იზამს);

3. თავდაპირველად საქმემ უნდა გაიაროს დასაშვებობა. უხეშად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე სასამართლო წყვეტს მოსარჩელეს რამდენად აქვს უფლება საერთოდ იდავოს გასაჩივრებული ნორმების შესაბამისობაზე კონსტიტუციით დაცულ კონკრეტულ უფლებებთან;

4. დასაშვებობის გავლის შემდეგ იმართება არსებითი განხილვა. რამდენიმე დღის განმავლობაში სასამართლო დეტალურად ისმენს მხარეების არგუმენტებს, კითხავს მოწმეებს, ექსპერტებს და სპეციალისტებს;

5. არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ სასამართლო გადის “სათათბირო ოთახში” გადაწყვეტილების გამოსატანად. ოღონდ არ გეგონოთ, რომ სასამართლო მართლა რამე ოთახში იკეტება და იქიდან არ გამოდის სანამ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ეს უბრალოდ მეტაფორაა;

6. როცა სასამართლო დავის გადაწყვეტაზე შეჯერდება, ჩანიშნავს გამოცხადებას, სადაც სხდომის თავმჯდომარე წარმოადგენს საბოლოო ვერდიქტს;

7. გადაწყვეტილებას სასამართლო უმრავლესობით იღებს. თუ ხმები გაიყო სარჩელი არ დაკმაყოფილდება;

8. გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში, მაგრამ სასამართლოს შეუძლია ეს თარიღი გადასწიოს (ასეთი რამ სულ რამდენჯერმე გაუკეთებია, ძალიან გამონაკლისია)", - წერს იურისტი.

როგორც ვახუშტი მენაბდე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9-თვიანი ვადა აქვს, ამ ვადის 2-თვიანი გაგრძელების უფლებით. მაგრამ მისივე თქმით, ამ ვადას თითქმის არასდროს იცავს და საქმის გადაწყვეტას რამდენიმე წელს ანდომებს.

"ერთი საქმე მაქვს 2016 წელს გავიდა სასამართლო სათათბირო ოთახში და პასუხი დღემდე არ გვაქვს", - აცხადებს მენაბდე.

იურისტი შანსების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ არც სადავო ნორმების შეჩერების და არც კანონის გაუქმების იმედი არ უნდა გვქონდეს. "მოსამართლეთა უმრავლესობა პრინციპული მოთხოვნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას არ დაუჭერს მხარს. ჩემი აზრით, ეს სარჩელი საერთოდ უნდა დავივიწყოთ და გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი კანონის პარლამენტის მიერ გაუქმების მოთხოვნით", - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები