მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი" საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებადია, თუმცა დიდ იმედს არ დავამყარებდი - იურისტი

აქცია

იურისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ე.წ. „რუსული კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებადია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას განიცდის, ის ამ ინსტიტუციაზე დიდ იმედებს არ ამყარებს.

„ბევრჯერ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებებისთვის სასარგებლოა. ჩემი დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას განიცდის, ამიტომ მათზე დიდ აქცენტს არ გავაკეთებდი. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოაქვს ერთ წელიწადში, ზოგადად კი, 5-6 წელი განიხილავენ საქმეებს... ამასთან, არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვო საბოლოო გადაწყვეტილებამდე კანონის შეჩერება, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებენ და არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში, როცა საქმე ეხება ასეთ პოლიტიკურ საკითხს და სასამართლო ზეწოლას განიცდის, რამე სასიკეთო შედეგი დადგეს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

როგორც ცნობილია, „რუსულ კანონზე“ ვეტოს დაძლევას მმართველი პარტია 28 მაისს გეგმავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვეტოს განხილვისთვის კონკრეტული ვადა არ არის გაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, შეუძლია „რუსულ კანონზე“ ვეტოს განხილვა დღის წესრიგში არ დააყენოს, როგორც ე.წ. „კარვების კანონის“ შემთხვევაში მოიქცნენ, რომელსაც პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო.

არის თუ არა რეგლამენტის ხარვეზი ვეტოს დაძლევის ვადების არდაკონკრეტება - ვკითხეთ ვახუშტი მენაბდეს. იურისტი ფიქრობს, რომ - არა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია, პარლამენტის რეგლამენტი სხვა მხრივ დაიხვეწოს.

„ვადების არგანსაზღვრის საკითხს ტრაგიკულად არ ვუყურებ. ეს პარლამენტს, გარკვეულწილად, მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს და პრინციპში, მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს, როდის განხილავს {ვეტოს}. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და დღეს არ არის გაწერილი რეგლამენტში, არის ის, რომ ვეტოს დაძლევის საკითხი იმ პრეზიდენტის ვადაში განიხილონ, რომელმაც კონკრეტულ კანონს ვეტო დაადო, რადგან თუ აღმოჩნდება, რომ პარლამენტმა გარკვეული ვადის შემდეგ განიხილა ვეტოს საკითხი და მაშინ უკვე სხვა, ახალი პრეზიდენტია ქვეყანაში, იმ პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვეტოს განხილვას ხომ უნდა დაუჭიროს მხარი და შეიძლება, სხვა პრეზიდენტი სხვა აზრზე იყოს; ამდენად, ვფიქრობ, ეს ტექნიკური საკითხები არის დასაზუსტებელი, თორემ ის, რომ პარლამენტს შეუძლია გადადოს ვეტოს განხილვა, ძალიან დიდ პრობლემად არ მიმაჩნია“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც კონსტიტუციონალისტს დავუსვით, შეეხებოდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საჭირო ხმების რაოდენობას - კერძოდ, „რუსულ კანონზე“ ვეტოს დასაძლევად უმრავლესობას მხოლოდ 76 ხმა ანუ აბსოლუტური უმრავლესობა სჭირდება.

“ამ კონკრეტული კანონის მისაღებად, საჭირო იყო დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა, ხოლო ვეტოს დასაძლევად საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობას. ამდენად, ჩემი აზრით, ეს ხარვეზი არ არის. ამ კონსტიტუციურ სისტემაში ეს მექანიზმი ასე უნდა იყოს. პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდა შესაძლებელია, თუმცა არა - ამ ნაწილში, უფრო მეტად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები