მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვალდებულებები დაწესდება ჰესებისთვის "წყლის რესურსების მართვის შესახებ" ახალი კანონით?

61c6fe61d7c48
დავით ჯალაღონია
25.12.21 17:30
874
საქართველოში წყლის რესურსების გამოყენებისთვის ახალი სანებართვო სისტემის დანერგვა იგეგმება. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი BMG-სთან საუბრისას განმარტავს, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველი იანვრიდან მდინარეების, ტბების, თუ წყლის სხვა სახის რესურსით სარგებლობისთვის ნებართვის გაცემა საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მოხდება. კანონპროექტის არსებული ვერსიის მიხედვით, ნებართვების აღება შეეძლებათ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 25 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის წყალს გამოიყენებენ.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში არსებული წყლის რესურსების გამოყენებისთვის მოსაკრებლებიც დაწესდება. ამ სისტემის ამოქმედებაც 2024 წლიდან იგეგმება. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, მოსაკრებლის ოდენობა ბიზნესისა და სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება. მოსაკრებლები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ჩაირიცხება და ამ ეტაპზე არსებული გათვლებით, მათი სავარაუდო, ჯამური მოცულობა წლიურად 5 მილიონი ლარი იქნება.

BMG დაინტერესდა, რა გავლენა ექნება კანონპროექტს რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე, ან უკვე აშენებებულ ჰესებზე. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, მსგავს ობიექტებს წყალსარგებლობის ნებართვის აღება მოუწევთ.

"თითოეულ ასეთ ობიექტს, იქნება ეს ჰიდროსადგური, თუ მელიორაციის ობიექტი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენება, ექნება ვალდებულება, რომ წყალსარგებლობის ნებართვა აიღონ. ეს შეეხება როგორც არსებულ, ისე ახლადდაგეგმილ ობიექტებს. ამ ნებართვის აღება მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მოუწევთ. ეს ყველაფერი იქნება ინტეგრირებული, ანუ სანებართვო სისტემა შეიქმნება და კიდევ უფრო სიღრმისეულად, ვიდრე დღეს ხდება, შეფასდება მდინარეში არსებული წყლის რაოდენობრივი მდგომარეობა, მაჩვენებლები და თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის, თუ სხვადასხვა ტიპის მელიორაციის ობიექტისთვის განისაზღვრება დასაშვები რაოდენობები, რაც მან შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ობიექტის ფუნქციონირებისთვის და ამასთან ერთად, სამომავლოდ, როდესაც მოსაკრებლების სისტემა ამოქმედდება, მათ წყალმოხმარებისთის მოუწევთ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, თუმცა ეს ცოტა სამომავლო პერსპექტივაა.

ნებართვის ნაწილში იქნება წყალსარგებლობის ნებართვა და მათ (რეზერვუარიან ობიექტებს) ასევე მოუწევთ ავტომატური სადგურების განთავსება ამ ობიექტებზე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა რაოდენობის წყალს იღებს ობიექტი და რას აბრუნებს მდინარეში. ეს მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი ჩვენივე უწყების შესაბამისი დეპარტამენტისთვის, რომელიც ანალიზს გააკეთებს, ხომ არ ხდება გადაჭარბებით წყლის რესურსების ათვისება", - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის სამმა - აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები