მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვითარებაა ამჟამად ნენსკრაჰესის პროექტზე - ინვესტორის ზარალი 2024 წელს ₾49 მილიონი იყო

ნენსკრა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“, რომელიც კორეული გიგანტის - K Water-ის (92.6%) და სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (7.4%) მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიაა, 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

პროექტს კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი ახორციელებს და ოფიციალურად მისი მშენებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის ზაფხულში გახსნა, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, კომპანიის გენერალურმა საინჟინრო კონტრაქტორმა კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა რის გამოც მასთან დავა დაიწყო

“ნენსკრა ჰესის” განთავსების არეალია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთა, მესტიის მუნიციპალიტეტი, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები. მისი დადგმული სიმძლავრე - 280 მგვტ. სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1 219 000 000 კვტ.სთ, ხოლო სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია - 1.031 მილიარდი აშშ დოლარია.

ფინანსური შედეგები

2024 წლის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი აქტივები 15.7 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 39.2 მილიონი ლარით. კომპანიამ 2024 წელს 49 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წელს არსებულ 16-მილიონიან ზარალს, 2022 წელს კი კომპანიის ზარალი 399 მილიონი ლარი იყო. თავის მხრივ, 2022 წელს ზარალი განპირობებული იყო იმით, რომ მთავრობამ კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფი, რაც აშენებულმა ჰესმა უნდა მიიღოს 13%-ით შეუმცირა. მთლიანობაში კომპანიის დაგროვილი ზარალი მის აქტივებს მნიშვნელოვნად აჭარბებს და 563 მილიონ ლარს აჭარბებს.

მთავარი გამოწვევები და პროექტის შეფერხება

ფინანსური ანგარიშის თანახმად, „ნენსკრა ჰიდრო“ აგრძელებს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროცესს, თუმცა პროექტი კვლავ სერიოზული დაბრკოლებების წინაშეა. კომპანიის მიერ 2023 წელს ჩატარებული ახალი ტენდერი გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც ტენდერი გაუქმდა, მას შემდეგ კი საინჟინრო სამუშაოების განახლებისთვის კონტრაქტორის ძიება ფაქტობრივად შეჩერებულია.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების განახლების პროცესში, მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიქმნა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. მთავრობა კომპანიისგან ტარიფის 13%-ით შემცირებას ითხოვდა, რაც პროექტის მოგებიანობაზე უარყოფითად აისახა და საბოლოოდ, აქტივების გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პრობლემა არაა რაც კომპანიის წინაშეა, რადგან ფინანსურ ანგარიშში სხვა რამდენიმე პრობლემის შესახებაც იკვეთება ინფორმაცია.

სამართლებრივი დავა და ფინანსური რისკები

"ნენსკრაჰესის" პროექტის განხორციელების დასაწყისში "ნენსკრა ჰიდროს" საინჟინრო კონტრაქტორი იტალიური კომპანია Salini Impregilo იყო, რომელმაც დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კომპანიას მიღებული ავანსების უკან დაბრუნება დაევალა. კომპანიას 27.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც არსებული მდგომარეობით გასტუმრებულია.

Salini Impregilo-ს შემდეგ, პროექტზე ახალ გენერალურ კონტრაქტორად "ქართული სამშენებლო კონსორციუმი" შეირჩა, თუმცა როგორც ირკვევა ნაკისრი ვალდებულებები არც ამ კომპანიამ არ შეასრულა, რის გამოც 2022 წლის ოქტომბერში "ნენსკრა ჰიდრომ" სარჩელი შეიტანა ICC-ის არბიტრაჟში, 2023 წლის 8 სექტემბერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება „ნენსკრა ჰიდროს“ სასარგებლოდ გამოიტანა და "ქართულ სამშენებლო კონსორციუმს" 26 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა საარბიტრაჟო ხარჯებთან და პროცენტთან ერთად.

"არბიტრაჟის გადაწყვეტილებით "ნენსკრა ჰიდროს" სასარგებლოდ და "ქართულ სამშენებლო კონსორციუმს" დაახლოებით 26 მილიონი აშშ დოლარი გადახდა მოეთხოვა, საარბიტრაჟო ხარჯებთან და პროცენტებთან ერთად. 2023 წლის 3 ნოემბერს, კომპანიამ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების მოთხოვნით,"- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

გარდა ამისა, "ნენსკრა ჯიდროს" ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით მნიშვნელოვანი დარღვევებიც გამოვლინდა – 2023 წლის იანვარში, კომპანიის ადმინისტრაციისა და ფინანსების უფროსმა, კორეის მოქალაქემ 1.6 მილიონი ლარი მიითვისა. სამართალდამცავებმა ის დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სამომავლო პერსპექტივები

კომპანია კვლავ იმედოვნებს, რომ სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების განახლების თაობაზე.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კომპანიის უმრავლესობის მფლობელმა, კორეულმა K-water-მა, მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში „ნენსკრა ჰიდროს“ დამატებით ფინანსურ რესურსებსაც გამოუყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები