მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “თელასს”?

6485ca17bc709
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.23 16:50
1756
თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელმა “თელასმა” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 16%-ით, 210.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გაცილებით უფრო მეტად, 43%-ით მოიმატა “თელასის” წმინდა მოგებამ და ის 79.7 მილიონ ლარს გაუტოლდა.

2021 წლამდე “თელასის” ძირითადი საქმიანობა საბოლოო მომხმარებლებისთვის დენის მიწოდება იყო, თუმცა, ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მიღებული რეგულაციიდან გამომდინარე მოხდა კომპანიის გაყოფა. შედეგად, “თელასის“ საქმიანობის ძირითადი სფერო გახდა ქსელური მომსახურება (ელექტროენერგიის გადაცემა), ხოლო საბოლოო მომხმარებლამდე კი დენი უშუალოდ კომპანია “თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას” (“თელმიკოს”) მიჰყავს. უშიალოდ “თელმიკოს” 2022 წლის ფინანსური ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა, თუმცა 2021 წელს ეს თანხა 326 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლიდან 200.4 მილიონი ლარი განაწილების სერვისიდან მიღებული ამონაგები იყო, 10.3 მილიონი ლარი კი ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი იყო.

რაც შეეხება კომპანიის ხარჯებს, 121%-ით გაიზარდა “თელასის” მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება და მან 38.7 მილიონ ლარს მიაღწია. 6%-ით მოიმატა კომპანიის სახელფასო ხარჯმა და ის გასულ წელს 63.2 მილიონი ლარი იყო, ცვეთის ხარჯები კი 17 მილიონს შეადგენდა.

2022 წლის ბოლოსთვის თელასის აქტივების ღირებულება 413 მილიონ ლარს შეადგენდა.

“თელასის” ძირითადი მაკონტროლებელი მხარეა რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao, რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით, კომპანიის 75%-ს ფლობს. 25%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებული “ბესტ ენერჯი გრუპია”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები