მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით $250-იან გადასახადზე, რომელიც აშშ-ის სავიზო მოსაკრებელს ემატება?

viza

ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ახალ სავიზო მოსაკრებელს, "ვიზის პატიოსნების გადასახადს" აწესებს, სულ მცირე $250-ის ოდენობით. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული გადასახადი უკვე არსებულ მოსაკრებელს ემატება, რომელიც ამჟამად არასაიმიგრაციო ვიზებზე $185-დან $315-მდე შეადგენს.

მოსაკრებელი დაწესდება ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც აშშ-ში შესასვლელად არასაიმიგრაციო ვიზას საჭიროებს, იქნება ეს დასვენების, სწავლის თუ საქმიანი ვიზიტის მიზნით - 2024 წელს აშშ-მა თითქმის 11 მილიონი ასეთი ვიზა გასცა.

შესაბამისად, გადასახადი არ გავრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც უვიზო რეჟიმის პროგრამაში არიან ჩართულები - მათ შორისაა ავსტრალია და ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი - და აშშ-ში 90-ზე ნაკლები დღით მოგზაურობისთვის ვიზის აღებას არ საჭიროებენ.

გადასახადი მოგზაურებს ვიზის გაცემის შემდეგ დაეკისრებათ და მასზე უარის თქმა შესაძლებელი არ იქნება. მოგზაურები, რომლებიც შეასრულებენ სავიზო პირობებს, აღნიშნულ თანხას მოგზაურობის დასრულების შემდეგ დაიბრუნებენ.

როგორც საემიგრაციო ადვოკატი სტივენ ბრაუნი ბლოგში განმარტავს, მოსაკრებელი ერთგვარი "უსაფრთხოების დეპოზიტია", მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაბრუნების მექანიზმი ამჟამად ბუნდოვანია.

"რაც შეეხება მოსაკრებლის მიზნობრიობას, რთული სათქმელია. როგორც წესი, საიმიგრაციო მოსაკრებელი იმისთვისაა, რომ განხილვისა და დოკუმენტაციის გაცემის ხარჯები დაფაროს", - დაწერა ბრაუნმა.

სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელიც გადასახადის შემომღები ინსტიტუტია, თანხის დაბრუნების პროცესზე დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ბუნდოვანია ამ პოლიტიკის აღსრულების სხვა ასპექტებიც. როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-თან აღნიშნა, მოსაკრებლის იმპლემენტაციამდე რამდენიმე სააგენტოს კოორდინაციაა საჭირო. მისივე თქმით, გადასახადის შემოღება საჭირო გახდა "ადმინისტრაციის პრიორიტეტების მხარდასაჭერად, რომლებიც ეხება იმიგრაციის კონტროლის გაძლიერებას, ვიზებზე ვადაგადაცილების თავიდან აცილებას და სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსებას". გადასახადები, რომლებიც მოგზაურებს, სხვადასხვა მიზეზით, არ აუნაზღაურდებათ, აშშ-ის სახაზინო ფონდში წავა.

საწყის ეტაპზე, რომელიც 2025 წლის ფისკალურ წელს მოიცავს, გადასახადი ან $250 იქნება, ან როგორც ამას უსაფრთხოების დეპარტამენტი აღნიშნავს, "რამდენსაც დეპარტამენტი დააწესებს". ამასთან, მოსალოდნელია რომ მოსაკრებელი ინფლაციის მიხედვით შეიცვალოს. საკითხზე დამატებითი ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

"U.S. Travel Association"-ის გამოთვლებით, დაწესებული გადასახადი აშშ-ში მოგზაურობის საბაზისო ხარჯებს 144%-ით გაზრდის და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ თანხების მოგზაურებისთვის დაბრუნება იგეგმება, პროცესი უფრო კომპლექსური ხდება, რაც ბევრ მოგზაურს მოგზაურობაზე ხელს ააღებინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები