მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით 9 სექტემბერს ჩანიშნული Apple-ის ღონისძიების შესახებ

9 სექტემბერი
BM. GE
28.08.25 21:51
551

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი სექტემბრის ყოველწლიური ღონისძიებისთვის ემზადება. კომპანია პირობას დებს, რომ 9 სექტემბერს ჩანიშნული პრეზენტაცია მომხმარებელს “ყბა დაღებულს” დატოვებს. ახალი პროდუქტების წარდგენა, ტრადიციულად, კუპერტინოში, სტივ ჯობსის სახელობის დარბაზში გაიმართება, თუმცა საერთაშორისო მაყურებელი სიახლეებს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი გაიგებს. აღსანიშნავია, რომ ამ სტილის პრეზენტაციებს კომპანია პანდემიის პერიოდიდან აწყობს.

რაც შეეხება კონკრეტულ პროდუქტებს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში iPhone 17-ის სერიის ტელეფონები იქნება. არსებული ინფორმაციით, კომპანია პროდუქტის რამდენიმე მოდელს წარადგენს, მათ შორის ყველაზე თხელი და ბიუჯეტური iPhone 17 Air-ი იქნება. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ მომზადებულ ბმულზე.

ტელეფონების გარდა, 9 სექტემბერს Apple-ი ახალი თაობის საათებს, მათ შორის მე-11 სერიის Apple Watch-ს და მესამე თაობის Watch Ultra-ს წარადგენს. ღონისძიებაზე დრო კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტს, AirPods-ებსაც დაეთმობა. არსებული ინფორმაციით, Apple-ი განახლებული ჩიპით აღჭურვილი AirPods Pro 3-ის წარდგენას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიხილავთ ახალ iPad Pro-საც, რომელშიც მე-5 თაობის ჩიპი იქნება ჩაშენებული. ასევე განახლებულ HomePod mini 2-ს და ახალ AirTag-ს, რომლის წინამორბედმა მოდელმაც კომპანია არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

არსებობს ცნობები, რომ კომპანია ახალ Apple Vision Pro 2-საც წარადგენს, თუმცა არაა გამორიცხული, კომპანიამ თავისი ტრადიციული ფორმატის “One More Thing”-ის ფარგლებში განახლებული მოწყობილობა არა ამ, არამედ სხვა ღონისძიებაზე წარადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები