ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 3 იანვარს, ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციისას ამერიკულმა სპეც-სამსახურებმა გასაიდუმლოებული იარაღი “დისკომბობულატორი” გამოიყენეს.
საუბარია მოწყობილობაზე, რომელმაც, ტრამპის მტკიცებით, მწყობრიდან სრულად გამოიყვანა სამხედრო ინფრასტრუქტურა და შეუძლებელი გახადა რუსული და ჩინური წარმოების რაკეტების გასროლა. “როცა ჩვენი მამაცი სამხედროები დედაქალაქში შევიდნენ, ვენესუელელმა სამხედროებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურება სცადეს, თუმცა არცერთმა ღილაკმა არ იმუშავა, რადგან ჩვენ დისკომბობულატორი გამოვიყენეთ” - განუცხადა ტრამპმა მედიას.
ტრამპს დეტალურად არ უსაუბრია გასაიდუმლოებული იარაღის მახასიათებლებზე, თუმცა სინანულით განაცხადა, რომ ნებართვის შემთხვევაში მის უნიკალურ თვისებებზე სიამოვნებით ილაპარაკებდა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ტრამპი მედიას “დისკომბობულატორის” გამოყენებას დაუდასტურებდა, მედიაში გავრცელდა მაღალი რანგის ვენესუელელი სამხედროს ანონიმური ინტერვიუ, რომელშიც ის დეტალურად აღწერდა, თუ რა გამოიწვია იარაღის გამოყენებამ. კერძოდ, მან არამარტო სრულად გათიშა სარადარო და სარაკეტო სისტემები, არამედ გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილები გამოიწვია ყველა იმ პირში, რომელიც საოპერაციო არეალში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაცვა ევალებოდა. როგორც მაღალჩინოსანი აღწერს, შვეულმფრენების გამოჩენიდან მალევე პრეზიდენტის სასახლეში მყოფმა პირებმა იგრძნეს ტალღოვანი, ელექტრომაგნიტური ბგერები, რომლებიც არამარტო კონცენტრაციის სრულ დაკარგვას, არამედ გულისრევასაც იწვევდა და რეზიდენციაში მყოფებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვების სურვილს უჩენდა, რადგან ტკივილი აუტანელ ფორმას იღებდა.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ერთ სახელში, “დისკომბობულატორში” თავი მოუყარა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებაში არსებულ რამდენიმე მოწყობილობას, რომლებიც მსგავსი ტიპის ოპერაციების განხორციელებისას აქტიურად გამოიყენება. ისინი მიიჩნევენ, რომ იარაღი, რომელზეც შტატების ლიდერი საუბრობს, მომაკვდინებელი არ უნდა იყოს, რადგან ის დანაყოფი, რომელიც მადუროს დაკავების პროცესში იყო ჩართული, არ იყენებს ისეთ უკონტაქტო იარაღს, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს.




























