დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
ლილუაშვილის ბრალში ფიგურირებს უკვე დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც. პროკურატურის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია "ექსპრესსერვისი 2008-ის" დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
საჯარო რეესტრის თანახმად, შპს "ექსპრესსერვისი 2008"-ის ერთადერთი მესაკუთრე გიორგი ხაჟალიაა. კომპანიას სხვადასხვა დროს სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული მათ შორის, რეგიონების გაზიფიცირებაში. ასე მაგალითად, 2019 წელს კომპანიას გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წალენჯიხის გაზიფიცირების მიზნით მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში. შესყიდვები სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება თითქმის 10.6 მლნ ლარი იყო. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით, უფრო ადრე, "ექსპრესსერვისი 2008" ასევე ჩართული იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოებში, კომპანიასთან გაზის ტრანსპორტირების სააგენტომ ხელშეკრულება 2016 წელს გააფორმა. "ექსპრესსერვისი 2008" ასევე გაზიფიცირების სამუშაოებს ატარებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ხეცერაში.




























