მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვიცით სანქცირებულ ავიაკომპანიაზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დაფრინავს?

UVT Aero

32 წლის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით პირველი ფრენები დაიწყო. სოხუმის აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა ავიაკომპანია UVT AERO-მ დაიწყო. მას და კიდეც 20 რუსულ კომპანიას 2022 წლის აპრილში ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. UVT AERO მოხვდა ევროკავშირის Air Safety List-ში. სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ.

Эхо Кавказа წერს, რომ აეროპორტი სოხუმიდან 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თუმცა 1990-იან წლებში საომარი მოქმედების შემდეგ დახურული იყო. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში ჩასაფრენად დაახლოებით ერთი საათია საჭირო. "როსავიაციამ" UVT AERO-ს გარდა სხვა რუსულ ავიაკომპანაზეც გასცა ფრენების ნებართვა. 6 მაისიდან ავიაკომპანიამ „იკარმა“ კვირაში ერთხელ უნდა შეასრულებს ნიჟნინოვგოროდიდან სოხუმში ფრენებიც. ეს კომპანიაც ევროკავშირს ჰყავს სანქცირებული.

2015 წელს დაფუძნებული UVT AERO-ს თათრეთშია რეგისტრირებული და ერთ-ერთი პირველი მიმართულებაც ყაზანი-მოსკოვის ხაზზე ჰქონდა. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ის ძირითადად რუსეთის ქალაქებში დაფრინავს მათ შორის, ნიჟნინოვგოროდში; ომსკში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში. კომპანიის დირექტორი კომპანიის პიტერ ტრუბაევია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, UVT AERO ფლოტში Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავები ჰყავს.

სოხუმიდან სამოქალაქო რეისების განახლებას გამოეხმაურა საქართველოს ავიაციის სააგენტოც, სადაც წერია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ.

გრძელდება მუშაობა ქვეყნის ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს რეაგირება ყველა საერთაშორისო ფორმატის გათვალისწინებით", - წერია ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში 2023 წლიდან ორი რუსული ავიაკომპანია დაფრინავს, კითხვაზე ხომ არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ საპასუხო ზომების მიღებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ რეისებს ასრულებენ, "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ იფრენენ.

"აქედან გამომდინარე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული და ასევე არაღირებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - ამბობს დავითაშვილი.

შარშან რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ორ რუსულ კომპანიას ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავია. 2024 წელს რუსული ავიაკომპანიები 624 154 მგზავრს მოემსახურნენ, აქედან Red Wings - 333 010; ხოლო Azimuth - 291 144 მგზავრი გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები