შვედური ფინტექ კომპანია Klarna ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსებისათვის ემზადება. Klarna-ში იმედოვნებენ, რომ საჯარო კომპანიად ქცევა $1.27 მილიარდის ახალი კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, საბოლოოდ კი Klarna-ს შეფასება $14 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ბირჟაზე კომპანია 34.3 მილიონი აქციის განთავსებას გეგმავს. თითო მათგანის ღირებულება კი $35-დან $37 დოლარამდე იმერყევებს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდში, როცა Klarna ისევ კერძო კომპანიად რჩებოდა, მისი შეფასება $45 მილიარდს აღწევდა. ვარდნის მიზეზი კი კოვიდპანდემია, გაზრდილი საოპერაციო დანაკარგები და გამკაცრებული რეგულაციები გახდა. თუმცა Klarna-მ სიმყარის შენარჩუნება მაინც შეძლო. ინვესტორები კი მის საჯარო კომპანიად ქცევისადმი დადებითად არიან განწყობილი.
რაც შეეხება თავად Klarna-ს, ის 2005 წელს შეიქმნა და მომხმარებლებისთვის BNPL სერვისის, ანუ “იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ” პრინციპის შეთავაზებით გახდა ცნობილი. მას ამჟამად მსოფლიოს 26 ქვეყანაში 111 მილიონი ადამიანი იყენებს და მომხმარებელს სერვისით სარგებლობის საშუალებას 790,000 სავაჭრო ობიექტზე სთავაზობს. კომპანიამ ფისკალური წელი ივნისის თვეში შეაჯამა და ჯამურად $3 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. ბოლო 12 თვეში შემცირდა საოპერაციო დანაკარგებიც, რაც, მეტწილად Walmart-თან, Ikea-სთან, H&M-თან, and Apple-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების დამსახურებაა.
ბოლო პერიოდში Klarna-მ აქცენტი დივერსიფიცირებაზეც გააკეთა და BNPL სერვისის გარდა, მომხმარებელს ციფრული საბანკო პლატფორმაც შესთავაზა. ამასთან, Visa-სთან თანამშრომლობით შეიქმნა საკრედიტო ბარათები, ხელმისაწვდომი გახდა ვაჭრობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.




























