იანვარში გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო ბრუნვა 2268%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი ბრიტანეთიდან 252 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სურათების და ნახატების შემოტანა გახდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარში გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო ბრუნვამ 267,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში - 11,2 მლნ აშშ დოლარი იყო.
$267 მლნ-იან სავაჭრო ბრუნვაში თითქმის სრულად იმპორტზე მოდის, ექსპორტი მხოლოდ 275 900 აშშ დოლარი იყო.
გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები შემდეგია:
- სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 252,7 მლნ აშშ დოლარი (1.4 ტონა)
- მსუბუქი ავტომობილები - 4,9 მლნ აშშ დოლარი (66 ცალი)
- ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 2 მლნ აშშ დოლარი (4.5 ტონა)
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 1 მლნ აშშ დოლარი (12 ცალი)
- ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 710 800 აშშ დოლარი (46.7 ტონა)
- სატვირთო ავტომობილები - 443 530 აშშ დოლარი (33 ცალი)
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 441 950 აშშ დოლარი (140 კგ)
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 418 450 აშშ დოლარი (42 ტონა)
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 408 660 აშშ დოლარი (2 ტონა)
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 355 330 აშშ დოლარი (188 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი შემცირდა და 275 900 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 456 100 აშშ დოლარი იყო.
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ხუთეული შემდეგნაირია:
- მანგანუმის ოქსიდები - 84 800 აშშ დოლარი (100 ტონა)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 80 900 აშშ დოლარი (18,200 ლიტრი)
- მინერალური წყალი - 58 000 აშშ დოლარი (56,466 ლიტრი)
- თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 15 000 აშშ დოლარი (150 კგ)
- ტკბილი გაზიანი სასმელები - 8000 აშშ დოლარი (8,910 ლიტრი).




























