დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიო ბანკიდან აღებული ვალით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა და ეს ინფორმაცია გამჭირვალეა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მსოფლიო ბანკიდან აღებული ვალით ბევრი რამ არის შესყიდული. შესყიდვების გარკვეული ნაწილი არის როგორც PCR-ის, ასევე ანტიგენზე დამყარებული ტესტებისა; იქ არის აღჭურვილობა, სამედიცინო პერსონალის ჩაცმულობა, სასუნთქი აპარატები, მაღალი წნევის სარეანიმაციო აპარატები, კლინიკების აღჭურვილობა, ანუ საწოლფონდის გაზრდისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომლითაც აღიჭურვა რუხის, ბათუმის, რესპუბლიკური საავადმყოფო და ა.შ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით კოვიდის მართვისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა 40%-45%-ით განხორციელდა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ 30 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკიდან საქართველოს მიერ ჯანდაცვის სისტემისთვის მიზნობრივად ნასესხებ 80 მლნ ლარის წარმართვას ეხებოდა.




























